ახალი ამბები

4 ქვეყანა ყატართან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

5 ივნისი, 2017 • 2505
4 ქვეყანა ყატართან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ყატართან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტენ და მას რეგიონის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ყატარი ტერიროსტულ ჯგუფებს, მათ შორის ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოს” მფარველობს.

BBC-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთმა დახურა და გაამკაცრა საზღვრის კონტროლი ყატართან. ის დიდწილად იზოლაციაში მოაქცია. სახელმწიფო მაღალჩინოსნების განცხადებით, ეს ეროვნული უსაფრთოების დაცვის მიზნით მოხდა. როგორც BBC წერს, ეს არის უპრეცედენტო ქმედება და დღემდე ყველაზე სერიოზული განხეთქილება სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის, რომლებიც ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატების ახლო მოკავშირეები არიან.

საზღვრის დაკეტვამდე 2 კვირით ადრე ოთხივე ქვეყანამ დაბლოკა ყატარის საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდები.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყატარის წარმომადგენელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა. აბუ დაბი ოფიციალურ დოჰას ტერორიზმისა და ექსტრემისტული ორგანიზაციების მხარდაჭერასა და დაფინანსებაში ადანაშაულებს.

ყატარის მთავრობას კომენტარი მომხდარზე ჯერ არ გაუკეთებია. აღსაშნავია, რომ მათ 2022 წელს ფეხბურთში მსოფლიო თასის გათამაშებას უნდა უმასპინძლონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი