ახალი ამბები

საქართველოში თავშესაფრის მქონე აზერბაიჯანელ აქტივისტზე თავდასხმა სცადეს

4 ივნისი, 2017 • 6957
საქართველოში თავშესაფრის მქონე აზერბაიჯანელ აქტივისტზე თავდასხმა სცადეს

საქართველოში თავშესაფრის მქონე აზერბაიჯანელი აქტივისტი ვიდადი ისკანდერლი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ გუშინ, 3 ივნისს მასზე თავდასხმა სცადეს.

“დაახლოებით 16:30 საათზე სახლიდან გამოვედი, კიბეებზე ჩამოვდიოდი და დავინახე, ორი ადამიანი მელოდებოდა. ერთ–ერთი მათგანი ვიცანი, აზერბაიჯანელია და თებერვალშიც დამესხა თავს. ამიტომ უკან, სახლისკენ გავიქეცი. დამედევნენ, მაგრამ შინ შევასწარი, მომაძახეს, რომ გამანადგურებდნენ,” – უთხრა ისკანდერლიმ “ნეტგაზეთს”.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე გამოიძახა პოლიცია, თუმცა შეუძლოდ გახდა და ამის გამო ხვალ, 5 ივნისს დაიბარეს გამოკითხვისთვის.

შაგახსენებთ, რომ 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოში აღმოჩნდა დაპატიმრებული. მუხთარლი ამბობს, რომ ის საქართველოდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულ პირებმა გაიტაცეს, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ, ხოლო შემდეგ გადასცეს აზერბაიჯანელებს. იგი სამი მუხლითაა დაპატიმრებული – საზღვრის უკანონო კვეთა, კონტრაბანდის გადატანა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მუხთარლის თბილისიდან გატაცებას აპროტესტებენ თბილისში ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. საპროტესტო აქციებში თბილისში აქტიურად მონაწილეობს ისკანდერლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი