ახალი ამბები

EMC: მოქალაქე, რომელიც სასტიკად ცემაში პოლიციელს ადანაშაულებს, დაზარალებულად არ უცვნიათ

2 ივნისი, 2017 • 1967
EMC: მოქალაქე, რომელიც სასტიკად ცემაში პოლიციელს ადანაშაულებს, დაზარალებულად არ უცვნიათ

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილი, რომელიც პოლიციელს სასტიკად ცემაში ადანაშაულებს, ამ დრომდე არ უცვნია პროკურატურას დაზარალებულად, ხოლო პოლიციელი კვლავ თანამდებობაზეა.

ორგანიზაციის ცნობით, 15 მაისს სიღნაღის პოლიციის სამმართველოში მოქალაქე პოლიციელმა მჭედლიშვილს სცემა, რის შემდეგაც მას ნეკნების მოტეხილობა დაუდგინდა. ასევე, სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა.  ვლადიმერ მჭედლიშვილის ინტერესებს გამოძიების წინაშე EMC იცავს.

“მჭედლიშვილის განმარტებით, იგი 2017 წლის 15 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს სიღნაღში ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თავის რამდენიმე ნაცნობთან ერთად ლუდს სვამდა. მჭედლიშვილის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ იგი იქვე მდებარე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს და ამავე შენობის პირველ სართულზე არსებულ ერთ-ერთ ოთახში პოლიციის თანამშრომელი გიორგი ნოზაძე მას დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ხელებით და ფეხებით სცემდა.

მჭედლიშვილის ჩვენების თანახმად, მისი ცემის დასრულების შემდეგ მოათავსეს  წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მისი ძლიერი ტკივილების გამო ორჯერ გახდა საჭირო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. მომდევნო დღეს მჭედლიშვილი გათავისუფლდა დაკავებიდან და  ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სასამართლოს მიერ დაეკისრა 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა. მჭედლიშვილის განცხადებით, იგი მომხდარიდან 3 დღის განმავლობაში ძლიერი ტკივილებით იმყოფებოდა სახლში და ყოველ დღე იძახებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას შესაბამისი ტკივილგამაყუჩებლის მიღების მიზნით. 2017 წლის 17 მაისს მჭედლიშვილმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რენტგენით მისი გამოკვლევის შემდეგ სამი ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა. მჭედლიშვილმა გამოძიებას 2017 წლის 23 მაისს წარუდგინა აღნიშნული კლინიკის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა მის დაზიანებებთან დაკავშირებით,”- აცხადებს EMC.

ვლადიმერ მჭედლიშვილი

საქმის კვალიფიკაცია

გამოძიება 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. EMC მიიჩნევს, რომ გამოძიების ამ მუხლით დაწყება არ შეესაბამება მიღებული დაზიანებების სიმძიმეს. ამასთან, ყურადღების მიღმა რჩება პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფი პირის წინააღმდეგ განზრახ დამამცირებელი მოპყრობა ძლიერი ფიზიკური ტკივილის გამოწვევით. ამიტომ, მათი განცხადებით, საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს მოხელის მიერ დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობად.

მჭედლიშვილი დაზარალებულად არ არის ცნობილი

ორგანიზაციის ცნობით, ამ დრომდე მჭედლიშვილი არ უცვნიათ დაზარალებულად, რის გამოც მის ადვოკატებს არ აქვთ საქმის მასალებზე წვდომა.

“საქმეში არსებობს პირის დაზარალებულად ცნობისთვის კანონით განსაზღვრული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა – ვლადიმერ მჭედლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული სამედიცინო ცნობა, რომელიც ადასტურებს მისი სამი ნეკნის მოტეხილობის ფაქტს. ასევე, დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება მჭედლიშვილის დაკავების ღამეს  მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით წინასწარი დაკავების იზოლატორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ორჯერ გამოძახება; მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ვლადიმერ დაკავებამდე მჭედლიშვილს რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა და არც ტკივილები აწუხებდა. ამის მიუხედავად, ის ფაქტი, რომ დღემდე მჭედლიშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, აფერხებს მის ჩართულობას საგამოძიებო პროცესში და კითხვებს აჩენს ზოგადად გამოძიების ეფექტურად მიმდინარეობასთან დაკავშირებით,”- აცხადებს EMC.

EMC მოითხოვს, რომ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდეს

EMC აცხადებს, რომ სიღნაღის პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც, სავარაუდოდ, მჭედლიშვილი სასტიკად სცემა, დღემდე ასრულებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას იმავე შენობაში, რომელშიც საქმის მტკიცებულებების მოპოვების მიზნით სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება და იკითხებიან მოწმეები.

“მიგვაჩნია, რომ კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ სიღნაღის პოლიციის თანამშრომლის მიმართ გამოძიების დასრულებამდე გამოძიების პროცესის ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს იმ პოლიციის თანამშრომელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს  გამოძიება შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე,”- აცხადებს EMC.

მასალების გადაბეჭდვის წესი