ახალი ამბებისაზოგადოება

ტრამპი პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან აშშ-ის გაყვანას გეგმავს

2 ივნისი, 2017 • 7197
ტრამპი პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან აშშ-ის გაყვანას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყნის პარიზის კლიმატის  შეთანხმებიდან გაყვანას გეგმავს. ტრამპმა ამის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს შეთანხმება დამღუპველია აშშ-ის ეკონომიკისთვის და საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტს. ტრამპის თქმით, აღნიშნული შეთანხმება ნაკლებადაა კლიმატზე ორიენტირებული, ამის ნაცვლად კი ზოგიერთ ქვეყანას ფინანსურ უპირატესობას ანიჭებს.

“მე ამირჩიეს, რათა წარმოვადგინო პიტსბურგის მოსახლეობა და არა პარიზის,” – თქვა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, 2015 წლის პარიზის შეთანხმება არარეალისტურ სტანდარტებს უწესებს ბიზნესს, ამიტომ ამერიკელ მოსახლეობას “დრაკონული” საერთაშორისო შეთანხმებიდან გასვლა აღუთქვა.

“იმისათვის, რომ მოვიხადო ჩემი ვალი აშშ-ის მოქალაქეების წინაშე, აშშ გავა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან, თუმცა დაიწყებს მოლაპარაკებებს მასში ხელახლა გაწევრიანებისთვის იმ შემთხვევაში, თუ  შეიქმნება ამერიკისთვის სამართლიანი პირობები. ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს და ვნახავთ, თუ მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც სამართლიანი იქნება. თუ შევძლებთ – შესანიშნავია, თუ არა და, ყველაფერი რიგზეა. ის ფაქტი, რომ პარიზის შეთანხმება ზღუდავს ამერიკას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, ყველა ეჭვს აქარწყლებს, თუ რატომ უნდა სურდეთ უცხოელ ლობისტებს ჩვენი მშვენიერი ქვეყნის შებოჭვა. სანამ მე პრეზიდენტი ვარ, ეს არ მოხდება,” – თქვა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებები უკვე შეაფასეს ევროპელმა ლიდერებმა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მალევე საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმპულსი, რომელიც პარიზში ამ შეთანხმების სახით გაჩნდა, შეუქცევადია და ჩვენ გვწამს, რომ შეთანხმების პირობების გადახედვა ვერ მოხდება, რადგან ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტის, საზოგადოებებისა და ეკონომიკებისთვის” – ვკითხულობთ განცხადებაში.

2015 წელს მსოფიოს 200-მდე ქვეყანა შეთანხმდა იმის თაობაზე, რომ საკუთარ ქვეყნებში სათბური აირების გამოყოფა შეემცირებინათ კლიმატის სწრაფი ცვლილების გამო. მას ხელს მხოლოდ სირია და ნიკარაგუა არ აწერს. შეთანხმებიდან გასვლის გამო აშშ-ს სანქცია არ დაეკისრება, რადგან პარიზის კლიმატის  შეთანხმება ქვეყნების ნებაყოფლობით კავშირს ეფუძნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი