ახალი ამბები

მუხთარლის მხარდამჭერი აქციების მესამე დღე – ხელისუფლება ჟურნალისტებს არ ხვდება [ფოტო]

2 ივნისი, 2017 • 2629
მუხთარლის მხარდამჭერი აქციების მესამე დღე – ხელისუფლება ჟურნალისტებს არ ხვდება [ფოტო]

ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები დღეს, 2 ივნისს, თბილისსა და ქუთაისში, პარლამენტის შენობებთან გამართეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათ შესაბამისი განცხადებაც ჩააბარეს პარლამენტში, თუმცა, პასუხი არ მიუღიათ.

აქციის მონაწილეები ორშაბათს, 5 ივნისს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გეგმავენ შეხვედრას.

დღევანდელი აქცია, ისევე როგორც 31 მაისს მთავრობის ადმინისტრაციასთან და 1 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართული აქციები, ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრების მიერ, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ თბილისიდან “გაუჩინარებულ” და ბაქოში დაპატიმრებულ აზერბაინაჯელ ჟურნალისტს. ისინი მოითხოვენ, რომ სახელმწიფო უწყებებმა პასუხი გასცენ კითხვებზე.

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხივეს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 02.06.2017

“ხელისუფლების აღმასრულებელი რგოლის საქმიანობაზე ზედამხედველობა პარლამენტის პრეროგატივაა. ამდენად, სწორედ პარლამენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღმასრულებელი უწყებებიდან დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან და გადაკვეთა საზღვარი პასპორტის გარეშე”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აფგან მუხთარლის ცოლი ეილა მუსტაფაევა საპროტესტო აქციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 02.06.2017

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი