ახალი ამბები

უმცირესობა მუხთარლის საქმეზე გომელაურისა და მღებრიშვილის პარლამენტში მისვლას ითხოვს

2 ივნისი, 2017 • 1940
უმცირესობა მუხთარლის საქმეზე გომელაურისა და მღებრიშვილის პარლამენტში მისვლას ითხოვს

“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში, უმცირესობის ფორმატში, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი მღებრიშვილის მისვლას ითხოვენ. ოთარ კახიძის განცხადებით, სუს–ის უფროსმა და შს მინისტრმა უნდა გასცენ კითხვებზე პასუხი.

როგორც ოთარ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ ქართველი სამართალდამცველები და შსს–ის მაღალჩინოსნები.

“ეს არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ყველა პირი, ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება აღნიშნულ საქმეში, უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, ნუ გახდებიან თავგასული ძალოვნების მძევლები. ჩვენ დეტალურად უნდა მივიღოთ ინფორმაცია ჟურნალისტის გატაცებაზე და ხელისუფლება ვალდებულია, ყველა ლეგიტიმურ კითხვას პასუხი გასცეს,”- განაცხადა ოთარ კახიძემ.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებულ აქციებზე აფგან მუხთარლის ცოლს, ლეილა მუსტაფაევას თან ჰქონდა თავისი ქმრის პასპორტი. იგი სვამდა კითხვას, რატომ ეცდებოდა მისი მუხთარლი სხვა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას ისე, რომ თან არ ექნებოდა საკუთარი პასპორტი. საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებიც უკვე რამდენიმე დღეა მოითხოვენ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრას კითხვებზე პასუხების მისაღებად, თუმცა მათ ამ დრომდე ხელისუფლების არცერთი მაღალჩინოსანი შეხვედრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი