ახალი ამბები

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დევნილებზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

2 ივნისი, 2017 • 2745
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დევნილებზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა  სტატუსის შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს, “რითიც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.”

“რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ღირსეულად და უსაფრთხოდ   დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, ხოლო 61-მა თავი შეიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი