ახალი ამბები

მუხთარლის საქმეზე შსს-ს და სუს-ის ხელმძღვანელობას ელჩები ხვდებიან

1 ივნისი, 2017 • 2784
მუხთარლის საქმეზე შსს-ს და სუს-ის ხელმძღვანელობას ელჩები ხვდებიან

შსს-ს ცნობით,  შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები – იოსებ გოგაშვილი და  ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი – ჰაიკე რენატე ფეიჩი, შვედეთის სამეფოს ელჩი -მარტინა ქვიკი, იტალიის რესპუბლიკის ატაშე – მასიმო მოსონი, ლიტვის, უნგრეთის,    საბერძნეთის, საფრანგეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, სლოვაკეთის და სხვა ქვეყნების საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შსს-სა და სუს-ის ხელმძღვანელობას ხვდებიან. ფოტო: შსს

შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და არსებულ ფაქტობრივი გარემოებები გააცნეს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილი ავრცელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, იმის ალბათობა, რომ საქართველოს საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა მესაზღვრის ნებართვის გარეშე გადაკვეთოს დაბალია, მაგრამ არსებობს. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი