ახალი ამბები

წულუკიანი: ჩვენი სამართალდამცავების მონაწილეობა ჟურნალისტის გატაცებაში გამორიცხულია

1 ივნისი, 2017 • 1856
წულუკიანი:  ჩვენი სამართალდამცავების მონაწილეობა ჟურნალისტის გატაცებაში გამორიცხულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აბსოლუტურად გამორიცხულია ქართველი სამართალდამცავების მონაწილეობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებაში. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხდა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს სამართალდამცავი უწყებებისთვის ადამიანის გატაცებაში მონაწილეობის დაბრალება შემაშფოთებელია. ამ კონტექსტში თეა წულუკიანი სახალხო დამცველს აკრიტიკებს.

“ჩვენი ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, თუმცა გამოძიების პროცესში შეიძლება სხვა მუხლებიც შემოვიდეს. მე მოვისმინე სხვადასხვა შემაშფოთებელი ბრალდება ჩვენი სამართალდამცავი უწყებების მიმართ, მათ შორის, სახალხო დამცველის მხრიდან. მან ფეისბუკის საშუალებით   ჩემთვის აბსოლუტურად გასაოცარი და განმაცვიფრებელი განცხადება გააკეთა.  აბსოლუტურად გამორიცხულია,  ჩვენი რომელიმე სამართალდამცავი მონაწილეობდეს ამგვარ გაუგონარ ფაქტში. “

თეა წულუკიანის თქმით, გამოძიებისა და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ადამიანის გატაცებაში სამართალდამცავების დადანაშაულება ძალოვან სტრუქტურებს ანგრევს. თუმცა თვითონაც გამოძიების შედეგების გარეშე საუბრობს ქართველი სამართალდამცავების უდანაშაულობაზე:

“მე მრცხვენია, კიდეც ამას რომ ვამბობ. ბუნებრივი მგონია, ჩვენმა საზოგადოებამ და მათ შორის სახალხო დამცველმა იცოდნენ, რომ სუს-ი იქნება ეს თუ შსს, რომელსაც ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე ხელს ადებენ,  მსგავსი განცხადებები ანგრევს ჩვენს სტრუქტურებს. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო ყველა იმ სამართალდამცველს, ვინც კანონს  ემსახურება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

საქართველოს სახალხო დამცველმა 30 მაისს ფეისბუკზე შემდეგი განცხადება გააკეთა:

“ან უნდა მოვისმინოთ განმარტება შსს-სგან და სუს-ისგან, როგორ მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან ბაქოში, ან აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. სირცხვილი საქართელოს,” -წერდა უჩა ნანუაშვილი.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილი ავრცელებს.

აზერბაიჯანის პროკურატურამ მუხთარლის ბრალდება კონტრაბანდის [206 მუხლი], სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა [318 მუხლი] და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის [315.2 მუხლი] წარუდგინა. აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია თბილისში  31 მაისს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი