ახალი ამბები

ხვალ, 11 საათზე სუს-თან აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

31 მაისი, 2017 • 2471
ხვალ, 11 საათზე სუს-თან აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

ხვალ, 1 ივნისს, 11 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან დეტალურ განმარტებებს ითხოვენ  იმის თაობაზე, თუ როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მისი ნების საწინააღმდეგოდ თბილისიდან ბაქოში.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილი ავრცელებს.

აზერბაიჯანის პროკურატურამ მუხთარლის ბრალდება კონტრაბანდის [206 მუხლი], სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა [318 მუხლი] და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის [315.2 მუხლი] წარუდგინა. აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია თბილისში დღეს, 31 მაისსაც გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი