ახალი ამბები

მიხეილ ჩოხელმა “ელ ცენტროში” მომხდარი ინციდენტის გამო თანამდებობა დატოვა

31 მაისი, 2017 • 3545
მიხეილ ჩოხელმა “ელ ცენტროში” მომხდარი ინციდენტის გამო თანამდებობა დატოვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სასამხურის, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მიხეილ ჩოხელმა თანამდებობა დატოვა. როგორც “ნეტგაზეთს” უწყების საგამოძიებო სამსახურში გუანცხადეს, ჩოხელმა გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დაწერა. გადადგომის მიზეზებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს. როგორც ჩოხელი ამბობს, ეს გადაწყვეტილება “ელ ცენტროში” მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

კერძოდ, კლუბში ჩოხელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელთან, ლაშა თორდიასთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი მოხდა. მიხეილ ჩოხელის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ის ინციდენტის მონაწილეა, იმისათვის, რომ ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურს ჩრდილი არ მიადგეს – თანამდებობას ტოვებს.

“საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი კლუბ “ელ ცენტროში” განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელზეც დაწყებულია გამოძიება და ხსენებულ საქმეზე გამოკითხული ვარ მოწმის სახით. ჩვენ ყველანი გავხდით მოწმეები ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ანგაჟირებული პირების მხრიდან სუბიექტური და დაუსაბუთებელი განცხადებების, მათ შორის პირადად ჩემ წინააღმდეგ. მე არაერთი წელია რაც ვარ საჯარო მოხელე, ვმუშაობდი ძირითადად სამართალდამცავ უწყებებში და კარგად ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ამდენად, ვინაიდან მე მონაწილე ვარ ამ ინციდენტის, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის იმისათვის, რომ ჩრდილი არ მიადგეს საჯარო სამსახურს და კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომლის თითოეული თანამშრომელი კეთილსინდისიერად ემსახურება ქვეყანას და ეს სამსახური ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მივიღე ჩემთვის საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად ჩავთვალე, პირადი განცხადებით დამეტოვებინა თანამდებობა” – ნათქვამია მიხეილ ჩოხელის განცხადებაში.

ჩოხელის თქმით,  მის ხელთ არსებული ინფორმაცია სრულად მიაწოდა სამართალდამცავ უწყებებს და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება მალე დასრულდება, ფაქტის ირგვლივ სპეკულაციებს კი წერტილი დაესმება.

გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ 13 მაისს, გამთენიისას ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სხემეს. შსს-მ გამოძიება იმავე დღეს, 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ოთარ ფარცხალაძე გამოძიებამ 5 დღის შემდეგ, 17 მაისს დაკითხა.

22 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფაცხალაძესა და მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი