ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თამთა მიქელაძე: საქართველოს მთავრობა აფგან მუხთარლის დისკრედიტაციას ცდილობს

31 მაისი, 2017 • 3941
თამთა მიქელაძე: საქართველოს მთავრობა აფგან მუხთარლის დისკრედიტაციას ცდილობს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ დღეს, 31 ივლისს საქართველოს მთავრობის წევრთა მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე გაკეთებული განცხადებები მიზნად მის დისკრედიტაციას ისახავს. 

ქართულმა და აზერბაიჯანულმა ოფიციალურმა სტრუქტურებმა და კონკრეტულმა პირებმა აზერბაიჯანში გატაცებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე განცხადებები გააკეთეს. თქვენი აზრით, რამდენად რელევანტურია ისინი?

როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა იძულებით გაუჩინარებული ჟურნალისტის დისკრედიტაციას ცდილობს და დღეს გარკვეული განცხადებები გაკეთდა იმის შესახებ, რომ ის შესაძლოა, არ იყოს ჟურნალისტი და ეს საკითხი ორგანიზაციებმა სათანადოდ უნდა გამოიკვლიონ. ცხადია, ეს არის ზოგადად ამ საქმის პოლიტიკური მნიშვნელობის დასუსტება და ამ ადამიანის დისკრედიტაციის მცდელობა. ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი, ცხადია, რომ ამ ფორმით მისი გადაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან სერიოზული პრობლემაა. საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა ამ საქმეში ორი მიმართულებით დგება: თუ ამ საქმეში არსებობს საქართველოს სამართლებრივი ორგანოების, ანუ უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობა, მაშინ ეს, ცხადია, არის სახელმწიფოს ნეგატიური პასუხისმგებლობა, როდესაც ის უშუალოდ მონაწილეობს უკანონო ქმედებებში. მეორე შემთხვევაში, თუ ეს ასე არ არის, ე.ი. ჩვენ გვყავს ძალიან უსუსური სახელმწიფო, რომელიც ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მყოფი ადამიანის უფლებების დაცვას ვერ ახერხებს, ასევე, ვერ ახერხებს სასაზღვრო ზონის ეფექტურ დაცვას. გუშინ, 7:00 საათიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი იყო გაუჩინარებული და, ცხადია, სამართალდამცავ ორგანოებს უნდა ჰქონოდათ მაღალი ეჭვი აზერბაიჯანული ჯგუფების შესაძლო მონაწილეობისა და მისი გადაყვანის შესახებ. სასაზღვრო ზოლი კი მკაცრად უნდა ყოფილიყო დაცული სასაზღვრო-საპატრულო პოლიციის მხრიდან.

რაც შეეხება აზერბაიჯანული მხარის განცხადებას, ის პოლიტიკურად მთლიანად არაადეკვატურია. საქმის ისე განვითარება, რომ აზერბაიჯანი განაცხადებდა, თითქოს [ჟურნალისტმა] თვითონ გადაკვეთა საზღვარი და კონტრაბანდის შეტანა უნდოდა, თავიდანვე რაღაცნაირად განჭვრეტადი და პროგნოზირებადი იყო.

ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ საქმის ეფექტური გამოძიება. საქართველოს მთავრობამ თავი უნდა დაიცვას იმიტომ, რომ ახლა რაც ხდება, ნიშნავს იმას, რომ ბაზისურ დემოკრატიულ პრინციპებს – ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს- საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა თავდაცვის მდგომარეობაში უნდა იყოს და გაავრცელოს ინფორმაცია, სინამდვილეში რა ხდება.

ვისგან უნდა ველოდეთ ამ საქმის ეფექტურ გამოძიებას?

ამიტომ ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ეს საქმე პროკურატურამ გამოიძიოს და არა შსს-მ, თუმცა ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში ესეც ალბათ შედეგებზე გავლენას არ მოახდენს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის მხრიდან ამ საკითხებზე მოსმენები ჩაინიშნოს, საქართველოს მთავრობა დაიბარონ და კითხვები დაუსვან.

საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ აქვს რაიმე მექანიზმები?  Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა უკვე გაავრცელეს განცხადებები.

ჟურნალისტის შემთხვევაში სამართლებრივი მექანიზმები ძალიან ცოტა რჩება, ის უკვე აზერბაიჯანის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ არის და რაიმე ზემოქმედების ბერკეტები დაბალია. თუმცა, ცხადია, ამ ორგანიზაციებს დიპლომატიური მექანიზმების გამოყენების უფლება რჩებათ. ალბათ, მაღალი საჯარო ინტერესი, მათ შორის საერთაშორისო მედიის ინტერესი, ამ საქმეზე მისი უსაფრთხოების დაცვის გარკვეულ გარანტიას შექმნის.

თქვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საქართველოში აზერბაიჯანელი პოლიტიკური აქტივისტებისა და ჟურალისტების საქმეებზე. რატომ გამწვავდა ეს პრობლემა ბოლო დროს? აქამდე მსგავსი პრობლემები მათ არ შექმნიათ.

დიახ, დაახლოებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩანს აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის საქართველოს მთავრობის მხრიდან ლტოლვილის სტატუსის ან პოლიტიკური თავშესაფარის მიღებაზე უარის ტენდენცია. სავარაუდოდ, ეს არის აზერბაიჯანის მთავრობის მიმართ პოლიტიკური ლოიალობის გაგრძელება. საქართველოს მთავრობის არგუმენტი ძირითადად არის “ეროვნული უსაფრთხოების დაცვის” რაღაც აბსტრაქტული ინტერესი, რომელსაც ჩვენ, ისევე როგორც შესაბამისი პირები, ვერ ვამოწმებთ და ის მხოლოდ სასამართლო კონტროლს ექვემდებარება. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ეს საკითხი მთლიანად გატანილია სამართლებრივი სფეროდან და არსებითად პოლიტიკური საკითხია, რომელსაც ვერავინ ვაკონტროლებთ.

თუმცა ამ “უარების” სისტემურობა, ცხადია, უთითებს მთავრობის პოლიტიკურ ნებაზე, რომელიც მას არ აქვს ამ ადამიანებისთვის საქართველოში ყოფნის ლეგალური საფუძვლების შექმნაზე, მათი უსაფრთხოების დაცვაზე და იმაზე, რომ საქართველო სამეზობლოში გახდეს ის უსაფრთხო სივრცე, სადაც სწორედ ამ ქვეყნებიდან დევნილი ადამიანების უფლებები იქნება დაცული.

ბოლო ფაქტებით, ალბათ, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ საქართველოს იმიჯი ამ კუთხით უკვე შეელახა.

აქამდე დასაბუთებული ვარაუდებისა და ტენდენციებზე საუბრის შემდეგ, ამ ფაქტებით ნათელი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებს პოლიტიკური თუ ფინანსური ზეწოლების წინააღმდეგ გაბრძოლებას, საკუთარი პოლიტიკის გატარებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი