ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზურმა მხარემ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა

31 მაისი, 2017 • 4824
აფხაზურმა მხარემ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, რომელიც დღეს, 31 მაისს გაიმართა, აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარეს განუცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტეს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკიდურესად ნეგატიური და ცალსახად ცინიკური. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს ყველა შესაძლო ბერკეტს, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლი წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე”- ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

აფხაზური მხარის გადაწყვეტილებას გუშინვე გამოეხმაურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც აცხადებს, რომ “ერთწლიანი ინტენსიური მუშაოებისა და IPRM-ის შეხვედრებზე საგამოძიებო მასალების გადაცემის შემდეგ, მართლმსაჯულების აღუსრულებლობა დიდ იმედგაცრუება იყო”,


გიგა ოთხოზორია სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლეს. ქართველ სამართალდამცავებს აფხაზურმა მხარემ არ გადმოსცა ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი, შესაბამისად, მას როგორც რაიონულმა, ისე სააპელაციო სასამართლომ სასჯელი დაუსწრებლად შეუფარდა.

2016 წლის 26 დეკემბერს ზუგდიდის  რაიონულმა სასამართლომ რაშიდ კანჯი ოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა  სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელის ზომას  და  უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კანჯი-ოღლის ბრალი დაუმძიმა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შემთხვევის ადგილიდან მოხდა ნივთიერი მტკიცებულებების ამოღება, დაიკითხა 36 მოწმე, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური-ტრასოლოგიური, ბიოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზა, კომპლექსური-ბალისტიკური,ბიოლოგიური ექსპერტიზა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე გამოძიების ფარგლებში ამოღებული და გაშიფრული იქნა ვიდეოფირები, რომლებზეც ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარდა.

პროკურატურამ რაშიდ კანჯი-ოღლის ბრალდება 21 მაისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რაშიდ კანჯი-ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახითშეეფარდა პატიმრობა და გამოტანილი იქნა დადგენილება ძებნის თაობაზე,”- აცხადებს პროკურატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი