თბილისის საქალაქო სასამართლო

“მოსამართლეთა ერთობა” იუსტიციის საბჭოს გაკრიტიკების გამო რვა მოსამართლემ დატოვა

საქართველოს საქალაქო სასამართლოს ცნობით, ასოციაცია “მოსამართლეთა ერთობა”, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშვნების პროცესი გააკრიტიკა, რვა მოქმედმა მოსამართლემ დატოვა. ეს რვა მოსამართლე ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია და არ ეთანხმებიან “მოსამართლეთა ერთობის” განცხადებას.

ეს მოსამართლეები არიან  თამარ ჭუნიაშვილი, ცისანა სირბილაძე, შორენა გუნცაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, მაია შოშიაშვილი, ასმათ კოხრეიძე, შორენა ჯანხოთელი, ანა ჩოგოვაძე.

“ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას არ ვეთანხმებით: განცხადება გაკეთებულია ჩვენთან შეთანხმების გარეშე, აღნიშნული ფორმით განცხადების გაკეთება ჩვენთვის, როგორც ასოციაციის წევრებისათვის, მიუღებელია, რამდენადაც მსგავსი განცხადებები შეთანხმებული უნდა იყოს ასოციაციის წევრებთან და არ უნდა გამოხატავდეს მხოლოდ ცალკეული პირების პოზიციას, რასაც წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. მიგვაჩნია, რომ ასოციაციის სახელით განცხადების გაკეთება უნდა ემსახურებოდეს მოსამართლეთა კორპუსის გაერთიანებასა და გაჯანსაღებას და არ უნდა იყოს მიმართული კოლეგების დამცირებისა და შეურაცხყოფისაკენ, რის გამოც ვტოვებთ ასოციაციას,”- აცხადებენ მოსამართლეები.

“მოსამართლეთა ერთობამ” 30 მაისს მკაცრად გააკრიტიკა იუსტიციის უმაღლესი მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯდომარეთა დანიშვნის პროცესი.

“მოქმედი საბჭოს საკადრო პოლიტიკა მიმართული იყო განსხვავებული აზრის ღიად დამფიქსირებელი  მოსამართლეების განდევნისა და სისტემაში უკონკურენტო გარემოს შენარჩუნებისკენ …იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქცა ცალკეულ პირთა ვიწრო ინტერესების სარბიელად. ეს კი გამორიცხავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური სასამართლო სისტემის შექმნის შესაძლებლობას,”- აცხადებდა მოსამართლეთა ერთობა.

“მოსამართლეთა ერთობის” განცხადება ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი