მუსტაფა ემრე ჩაბუქი

არასამთავრობოები მთავრობას მოუწდებენ, არ დაუშვას მუსტაფა ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემა

არასამთავრობო ორგანიზაციები მუსტაფა ჩაბუქის თურქეთში სავარაუდო ექსტრადიციის საქმეზე საქართველოს მთავრობას მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაუშვას მისი გადაცემა თურქეთის მთავრობისთვის, სადაც ის შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების, არაადამინური მოპყრობის, დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

თბილისში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაკავებულია. როგორც მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ საქართველოში მოქმედ რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებას (მათ შორის, შაჰინის და დემირელის სკოლები და შავი ზღვის უნივერსიტეტი), რომელსაც თურქეთის მხარე ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებად განიხილავს, საქართველოს მთავრობა აქტიურად ამოწმებდა, რასაც შაჰინის სკოლის სავარაუდო უკანონო დახურვა მოჰყვა. ამ კონტექსტში, მათი განცხადებით, მუსტაფა ჩაბუქის დაკავება მკვეთრად პოლიტიკურ შინაარს ატარებს და თურქეთის მთავრობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ლოიალობაზე მიუთითებს.

“თურქეთში ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობის წევრების მიმართ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მასობრივი უფლებების დარღვევის ფონზე, რომელიც მათ შორის, მკვლელობის, წამებისა და არაადამინურ მოპყრობისა ან დასჯის, სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიების სრულ უგულებელყოფაში, თავისუფლების უკანონო შეზღუდვასა და ქონების კონფისკაციაში გამოიხატება, აშკარაა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთში მისი ექსტრადიციის შემთვევაში პოლიტიკური დევნის, წამებისა და არაადამინური მოპყრობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს. აღსანიშნავია, რომ თურქეთში ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობის წევრების მიმართ წამების პრაქტიკებს ადასტურებენ და გმობენ ევროპული კომისია, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტი (CAT), წამებაზე გაეროს მომხსენებელი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი. უნდა ითქვას, რომ ევროპული ქვეყნები ასევე თავს იკავებენ თურქეთის მთავრობისთვის მსგავსი ბრალდების მქონე პირების გადაცემისგან.

ამ პირობებში მიგვაჩნია, რომ რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია არსებითად დაარღვევს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზანაესობის ფუნდამენტურ სტანდარტებს და დააზიანებ ქვეყნის დემოკრატიული გავითარების პროცესს.

ამავდროულად, ხელმომწერი ორგანიზაციები მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც წლების განმვლობაში საქართველოში პედაგოგიურ და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა, ასევე მის ოჯახსა და თანამოააზრეებს, ვუცხადებთ სოლიდარობას და შევეცდებით, რომ ჩვენი მანდატის ფარგლებში ხელი შევუწყოთ მათი უფლებების დაცვას საქართველოში,“- აცხადებენ ორგანიზაციები.

ისინი საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდებენ:

  • წამების, არაადამიანური მოპყრობის, დასჯისა და თურქეთის ტერიორიაზე მუსტაფა ჩაბუქის პოლიტიკური დევნის აშკარა და რეალური რისკების გამო საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადოს მის ექსტრადიციაზე
  • საქართველოს მთავრობამ ყველა ზომა მიიღოს მუსტაფა ჩაბუქისა და მისი ოჯახის საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალური, უსაფრთხო ცხოვრებისა და საქმიანობისთვის ; მათ შორის, მას, მის ოჯახსა და თანამოააზრებს, რომლებიც მსგავსი რისკების წინაშე შეიძლება დადგნენ მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი;
  • უზრუნველყოს ეფექტურიი საპარლამენტო კონტროლის განხორციელება თურქეთის მოქალაქეების შესაძლო უკანონო ექსტრადიციისა და საქართველოში ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობასთან კავშირში განხილული თურქული სკოლების შესაძლო შევიწროების პრაქტიკაზე და ამ მიმართულებით მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა.

განცხადებას ხელს აწერენ:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

თბილისის ადამაინის უფლებათა სახლი (HRHT)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრაციის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი