ახალი ამბები

პრეზიდენტი: აფგან მუხთარლის გატაცება ჩვენი სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევაა

31 მაისი, 2017 • 2341
პრეზიდენტი: აფგან მუხთარლის გატაცება ჩვენი სუვერენიტეტისთვის  სერიოზული გამოწვევაა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცება ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის  სერიოზული გამოწვევაა.

„ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადება აუცილებლად ბოლომდე გასააზრებელი და გასაანალიზებელია, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან – ზღვით, ჰაერით, ხმელეთით,  საქართველოს დედაქალაქიდან, თუ საზღვრიდან ადამიანის გაქრობა კიდევ ერთხელ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისათვის სერიოზული გამოწვევაა, რომლის კონტექსტშიც, ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ერთდროულად თავისი პრესტიჟიც და მოქალაქეების დაცულობაც, ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ჟურნალისტის ადვოკატის განცხადება ძალიან მძიმეა რამდენიმე თვალსაზრისით:

“პირველ რიგში, ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს აქვს როგორც მედიის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ლიდერის როლი რეგიონში. ეს არის ჩვენი სიამაყეც, მაგრამ ეს არის ჩვენი სახლემწიფოებრიობის და სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილი. ამ თვალსაზრისით ამ სტანდარტის დაცვა ჩვენი სახლემწიფოებრიობის დაცვის საკითხია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი აცხდებენ, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია თბილისში დღეს, 31 მაისს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი