ახალი ამბები

შსს აფგან მუხთარლის საქმეზე: აზერბაიჯანთან კომუნიკაცია გვაქვს

31 მაისი, 2017 • 2517
შსს აფგან მუხთარლის საქმეზე: აზერბაიჯანთან კომუნიკაცია გვაქვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით  შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის  143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს.

“პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია”,- აცხადებს შსს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს  მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს.

“ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

ადვოკატის ინფორმაციითვე, ნაცემი ჟურნალისტი საქართველო-აზერბაიჯანის ოფიციალური გამშვები პუნქტით არ გადაუყვანიათ აზერბაიჯანში.

“ამბობს, რომ რაღაც სხვა გზებით ჩაიყვანეს ბაქოში, თუმცა თვალები ახვეული ჰქონდა და ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. გარდა ამისა, აზერბაიჯანში, საგამოძიებო უწყებაში მოხვედრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჯიბეში 10 000 აშშ დოლარი ჰქონდა”.

შესაბამისად, ადვოკატის ცნობით, აფგან მუხთარლის ბრალი ორი მუხლით წაუყენეს, მათ შორის- “კონტრაბანდის”, ასევე, “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი