ახალი ამბები

10-ზე მეტი NGO უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს მუხთარლის სავარაუდო იძულებითი გაუჩინარების ფაქტის გამო

30 მაისი, 2017 • 3049
10-ზე მეტი NGO უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს მუხთარლის სავარაუდო იძულებითი გაუჩინარების ფაქტის გამო

10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სავარაუდო იძულებითი გაუჩინარების ფაქტის გამო. არასამთავრობოების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ 29 მაისს, საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სავარაუდო იძულებითი გაუჩინარების ფაქტის გამო, რომელიც როგორც მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციით ირკვევა, თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.

აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, მათი განმარტებით, ჟურნალისტური საქმიანობისა და კრიტიკული პოზიციების გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან სისტემურ დევნასა და შევიწროებას განიცდნენ. მათ მიმართ განხორციელებული დევნის და მათ შორის, ფიზიკური უსაფრთხოების რისკების გამო, ოჯახმა საქართველოში ცხოვრება და ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტა. საქართველოში ცხოვრების დროს ისინი აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნე ინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკების თაობაზე. მათი თქმით, აქტიური ჟურნალისტური საქმიანობის გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესი მათ მიმართ ამ დრომდე მაღალი იყო, რაც მუქარისა და საქართველოს ტერიტორიაზე თვალთვალის ფაქტებში გამოიხატება.

სამწუხაროდ, ლეილა მუსტაფაევას, ისევე როგორც სხვა რამდენიმე აზერნაიჯანის მოქალაქე აქტივისტსა და ჟურნალისტს, საქართველომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების აბსტრაქტული ინტრესით უარი განუცხადა ბინადრობის მოწმობის გაგრძელებაზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ფიქსირდება პრაქტიკა, როდესაც აზერბაიჯანის მოქალაქეებს, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი აზერბაიჯანში შექმნილი არადემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ და ჟურნალისტურ, აქტივისტურ ან პოლიტიკურ საქმიანობას აგრძელებენ საქართვეოლოში, საქართველოს სახელმწიფო უარს აცხადებს ბინადრობის მოწმობების ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული პრაქტიკა აჩენს ეჭვებს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ ლოიალობაზე, რომელიც არსებით წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ადამიანის უფლებების დაცვის იდეასთან. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხო და დაცული სივრცე გახდეს მეზობელ ქვეყნებში დევნილი აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის და ამ გზით საქართველომ ხელი შეუწყოს რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, არაპრინციპული და ლოიალური პოლიტიკის გამო, საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს აღნიშნულ პირების უფლებების დაცვისთვის და უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებებით  თავადაც არღვევს მათ უფლებებს.

საქმის პოლიტიკური ხასიათისა და აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის პროცესში, მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის სავარაუდო მონაწილეობის გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის საქართველოში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაყვანა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლების მხარდაჭერისა და უშუალო მონაწილეობის ან როგორც მინიმუმ, დემონსტრაციული უმოქმედობისა და არაეფექტიანობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. ამ კუთხით განსაკუთრებით საეჭვოა აზერბაიჯანის მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე გადაკვეთის ფაქტი. იმ პირობებში, როდესაც არსებობს დასაბუთებული რისკები, რომ აზერბაიჯანში აფგან მუხთარლი წამების, არადამიანური მოპყრობის ან დასჯის და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი შეიძლება გახდეს, საქართველოს სახელმწიფოს მიერ მისი ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მყოფი პირების უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულებების შეუსრულებლობა და უკანონო ქმედებებში შესაძლო მონაწილეობა უკიდურეს აღშფოთებას იმსახურებს და არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებთან.  ადამიანის უფლებების ბაზისური გარანტიების უგულებელყოფა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ანგრევს დემოკრატიისა და სამარლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მოვუწოდებთ

საქართველოს მთავრობას

– საქმის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარედაუყოვნებლივ უზრუნველყოს საჯარო განცხადების გამოქვეყნებარომელიც პასუხებს გასცეს ჟურნალისტის თავისუფლების უკანონო  აღკვეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გადაცემის პროცესებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენების შესაძლო მონაწილეოაბას ან აშკარა უმოქმედობასთან დაკავშირებით გაჩენილ დასაბუთებულ ეჭვებს

– განუხრელად დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოსკანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებები და უზრუნველყოს საქართველოში მყოფი მეზობელი ქვეყნებიდან დევნილი აქტივისტებისჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სხვა პირების საქართველოში ლეგალური ცხოვრებისთავისუფალი გადაადგილებისა და ხელშეუხებლობის თავისუფლება

საქართველოს პროკურატურას  

–  უზრუნველყოს  აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ეფექტურიდროული და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებაამ კუთხით არსებითია,  დეტალურად იქნას შესწავლილი ამ საქმეში საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლობის (მათ შორისსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებისა და საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომლებისშესაძლო მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის საკითხიგამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის არსებითია საქმის გამოძიება პროკურატურამ უზრუნველყოს

– საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარეუზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება გამოძიების პროგრესისა და შედეგების თაობაზე;  

საქართველოს პარლამენტს

– აფგან მუხთარლის საქმესა და ზემოთ მითითებულ სისტემურ პრობლემებზე უზრუნველყოს მთავრობისგანსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობაზე ეფექტური საპარლამენტო კონტროლის განხორციელება და შესაბამისი ზომების მიღება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

თბილისის ადამაინის უფლებათა სახლი (HRHT)

Human Rights House Foundation – ადამიანია უფლებათა სახლების ფონდი (ნორვეგია)

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF)

მასალების გადაბეჭდვის წესი