12169223135_4a785ee104_k

აზერბაიჯანელი აქტივისტების ნაწილი აპირებს იმსჯელოს თბილისში დარჩენის მიზანშეწონილობაზე – ადვოკატი

თბილისში მყოფი იმ აზერბაიჯანელების ნაწილი, რომლებშიც ალიევის ხელისუფლება საფრთხეს ხედავს, აპირებს იმსჯელოს საქართველოდან შესაძლო წასვლის თაობაზე. ამის შესახებ ნეტგაზეთს TDI-ის იურისტმა შოთა თუთბერიძემ განუცხადა, რომელიც ასევე თბილისში მყოფი აზერბაიჯანელის, დაშგინ აღალარლის ადვოკატია.

აღალარლი პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელია საქართველოში და დღეს “გაუჩინარებული” ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეგობარია.

“ბატონ დაშგინსაც ემუქრება საფრთხე იმავე მიზეზების გამო”, – ამბობს შოთა თუთბერიძე.

მისივე თქმით, აღალარლიც და კიდევ სხვა, დაახლოებით 10-15 ადამიანი აპირებს იმსჯელოს იმის თაობაზე, ღირს თუ არა საქართველოში დარჩენა.

შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეზე პოლიციაში აღალარლი გამოკითხეს.

“გამოძიებას მივაწოდეთ ჩვენი ვერსია – ეს არის გატაცება. ნებისმიერი მტკიცება, რომ რაიმე უკანონო ქმედება განახორციელა გატაცებულმა ჟურნალისტმა,  აბსურდი იქნება. ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო ვერსია, რასაც [ჩემი აზრით] აზერბაიჯანული მხარე გაავრცელებს, იქნება ის, რომ ჟურნალისტმა პასპორტის გარეშე გადაწყვიტა საზღვრის გადაკვეთა, ქართველ მესაზღვრეებს გაექცა და აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიჭირეს. თუმცა ეს აბსურდია, რადგან ის გასული იყო საშინაო ტანსაცმლით, პასპორტის გარეშე და იმ ქვეყანაში წავიდა, საიდანაც თავის დროზე გამოიქცა?”, – ამბობს შოთა თუთბერიძე.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

საქართველოს შსს-ს დღევანდელი განმარტებით, “საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი მიხედვით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com