აფგან მუხთარლი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აფგან მუხთარლის „გაუჩინარების“ უსწრაფესად გამოძიებას მოითხოვს

საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის საბჭო  სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართავს და ითხოვს, უსწრაფესად გამოიძიონ აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის „გაუჩინარების“ საქმე.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო დღეს გავრცელებული განცხადებით მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, უპასუხონ ჟურნალისტების კონკრეტულ კითხვებს და აუხსნან საზოგადოებას, როგორ აღმოჩნდა თბილისში „გაუჩინარებული“ ჟურნალისტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე? როგორ გადაკვეთა საზღვარი ისე, რომ მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თბილისშია, როგორც ამას ახლობლები აცხადებენ.

“ახლობლების თქმით, აფგან მუხთარლი 29 მაისის შემდეგ აღარავის უნახავს. ის ბოლო ორი წელია საქართველოში ცხოვრობს, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობის გამო მისი იქ დარჩენა სახიფათო იყო. როგორც მისი ცოლი, ლეილა მუსტაფაიევა და მეგობარი დაშგინ აღალარლი ამბობენ, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. აზერბაიჯანში მყოფი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფგან მუხთარლი დღეს ბაქოში აღმოჩნდა. ის იურისტს დაუკავშირდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.

მომხდართან დაკავშირებით დეტალური განმარტება არ გაუკეთებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მხოლოდ აღნიშნა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი მიხედვით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, უპასუხონ ჟურნალისტების კონკრეტულ კითხვებს და აუხსნან საზოგადოებას, როგორ აღმოჩნდა თბილისში „გაუჩინარებული“ ჟურნალისტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე? როგორ გადაკვეთა მან საზღვარი ისე, რომ მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თბილისშია, როგორც ამას ახლობლები აცხადებენ?

ადამიანის უფლებების კუთხით რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები და აქტივისტები საკუთარი ქვეყნებიდან იდევნებიან, საქართველო კი მათთვის თავშესაფარია, სადაც პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა ეძლევათ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში მაინც იყოს დაცული მათი უფლებები. შესაბამისად, აუცილებელია მთავრობის წევრებიც დაინტერესდნენ მომხდარით.

ამასთან, ქარტიის საბჭო მოუწოდებს ჟურნალისტებს, გამოიჩინონ სოლიდარობა, აქტიურად გააშუქონ მომხდარი შემთხვევა და ხელისუფლებას მოსთხოვონ პასუხები არსებულ კითხვებზე”, – ვკითხულობთ ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com