ანა ნაცვლიშვილი: ომბუდსმენის არდაშვებას დეკანოზის სხდომაზე ლეგიტიმური მიზანი არ აქვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის დახურულ სხდომაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას, არ დაუშვას სახალხო დამცველის პროცესზე, ლეგიტიმური მიზანი არ აქვს.

ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს ომბუდსმენი სასამართლო სხდომაზე უნდა დაეშვა, რადგან მას უნდა ეხელმძღვანელა არა მარტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არამედ საქართველოს კონსტიტუციითაც.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ქვეყნის უზენაესი კანონი განმარტავს, რომ სახალხო დამცველის ფუნქციების განხორციელებისათვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის სასამართლო სხდომებზე დაკვირვება, ხოლო ორგანულ კანონში, რომელზეც მიუთითებს კონსტიტუცია, წერია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობისთვის სახალხო დამცველს აქვს ყველგან შესვლის შესაძლებლობა.

“როდესაც არის მოხსენებული, რომ მას შეუძლია შევიდეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში და ჰქონდეს დაუბრკოლებელი წვდომა, მართალია, გამოყოფილად არ წერია [სასამართლო],[მაგრამ] ეს უნდა განიმარტოს, მათ შორის- დახურულ სასამართლო პროცესებზეც”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

“სახალხო დამცველის შესახებ კანონის მიხედვით, ომბუდსმენს შეუძლია მიიღოს სხდომის ჩანაწერის ოქმი. თუ შეუძლია მიიღოს ოქმი, მაშინ რა აზრი აქვს მის პროცესზე არდაშვებას, რა ლოგიკა აქვს იმას, რომ სხდომის ოქმს იღებს ადამიანი და სხდომაზე დასწრების უფლება არ აქვს”, – კითხულობს ანა ნაცვლიშვილი.

იურისტი ამბობს, რომ სახალხო დამცველის დასწრება დახურულ სასამართლო სხდომაზე არ ეწინააღმდეგებოდა ლეგიტიმურ მიზნებს – პირადი ცხოვრებისა და ინფორმაციის დაცულობას. ნაცვლიშვილის თქმით, პირიქით- არდაშვება ზღუდავს ომბუდსმენის კონსტიტუციურ მანდატს.

იურისტის თქმით, სახალხო დამცველის მანდატიდან გამომდინარე არ არსებობს ლეგიტიმური შიში, რომ იგი გამოვა დახურული სხდომიდან და გამოიტანს ინფორმაციას, რომელიც ვინმეს პირად ცხოვრებას შელახავს.

“როგორ შეიძლება დასაბუთდეს, რომ სახალხო დამცველი, რომელიც მათ შორის პერსონალური ინფორმაცია უნდა დაიცვას, გამოიტანს ამ ინფორმაცის, ეს ხომ წარმოუდგენელია”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ სახალხო დამცველს აქვს სპეციფიკურ დაწესებულებებში შესვლის უფლებაც, მათ შორის, სამხედრო და პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც სპეციფიკური რეჟიმი მოქმედებს, სასამართლო კი ბუნებით არაა დახურული ინსტიტუცია

“დახურული პროცესი ატარებს მომეტებულ რისკებს, რომ იქ სხვა მნიშვნელოვანი უფლებები დაირღვეს. აქ ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ვიღაცას ჰქონდეს უფლება, დაესწროს დახურულ პროცესებს და ეს ვიღაც ვინ არის, თუ არა სახალხო დამცველი, რომელიც პასუხისმგებელია უფლებების დაცვის ზედამხედველობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

დღეს, 30 მაისს, მკვლელობის მომზადების საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის სხდომის დაწყებამდე, სასამართლოში მივიდა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და მოითხოვა, რომ დახურულ სხდომას დასწრებოდა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ომბუდსმენს აქვს უფლება, დახურულ პროცესს დაესწროს და მიიჩნევს, რომ მოსამართლემ კანონი დაარღვია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომელიც 9 ივნისს გაიმართება, სახალხო დამცველმა და მხარეებმა სასამართლოს უნდა წარუდგინონ არგუმენტირებული და სამართლებრივად დასაბუთებული შუამდგომლობა სახალხო დამცველის დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com