ახალი ამბები

35 წლის გოგი ხვიდანი – პოლიტკოვსკაიას #57-ში დაღუპული მეორე მუშა

30 მაისი, 2017 • 5229
35 წლის გოგი ხვიდანი – პოლიტკოვსკაიას #57-ში დაღუპული მეორე მუშა

პოლიტკოვსკაიას ქუჩის 57 ნომერში მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშა 35 წლის გოგი ხვიდანია.  ამავე ობიექტზე შარშან 26 წლის თემურ გურგენაშვილი დაიღუპა.

მუშების თქმით, გოგი ხვიდანმა მუშაობა ორი თვის წინ დაიწყო. ის დღეს დილით, დაახლოებით 10:00 საათზე, მეცხრე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა. ადგილზე მყოფი მუშები ამბობენ, რომ გოგი ხვიდანი ხარაჩოზე იდგა და შენობის ფასადზე სამუშაოებს ასრულებდა. მომხდარის შესახებ ზუსტი დეტალები ცნობილი არ არის. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. დაღუპულის ცხედარი ჯერ არ გადაუსვენებიათ.

მშენებლობას “სოლო დეველოპმენტი” აწარმოებს. მისი ხელმძღვანელი გიორგი აფციაური ადგილზე იმყოფება, თუმცა კომენტარზე უარს აცხადებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ეხება, რომელმაც სიცოცხლის მოსსპობა გამოიწვია.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2016 წლის 18 ოქტომბერს, წვიმიან ამინდში, თემურ გურგენაშვილს მეორე სართულის  აივანზე  ფეხი დაუცდა და გადმოვარდა. ის მეორე დღეს, ღამით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 26 წლის თემურ გურგენაშვილმა თბილისში, პოლიტკოვსკაიას #57-ში მდებარე ობიექტის მშენებლობაზე მუშაობა ზაფხულში დაიწყო. 9:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობდა და დღეში 25 ლარს იღებდა.

დღეს, 30 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” არ უპასუხეს კითხვაზე, როგორ დასრულდა ამ საქმის გამოძიება და დაისაჯა თუ არა ვინმე.

მასალების გადაბეჭდვის წესი