Interviewsახალი ამბები

დეკანოზის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 ივნისამდე გადაიდო

30 მაისი, 2017 • 2057
დეკანოზის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 ივნისამდე გადაიდო

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე სასამართლო პროცესი 9 ივნისამდე გადაიდო.  დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი განმარტავს, რომ დეკანოზს ახალი ადვოკატები ჰყავს, რომლებსაც საქმის მასალების გასაცნობად დრო სჭირდებათ.

19 მაისის პროცესზე მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მამალაძის სასამართლო პროცესი დახურა. ამის გამო დეკანოზმა მამალაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა მის ადვოკატებსაც. რამდენიმე წუთში სხდომა ადვოკატებმაც დატოვეს. რამდენიმე საათის შემდეგ სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, გიორგი მამალაძის ადვოკატები პროცესიდან გაძევებული არიან და მამალაძის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი დაიცავდა, თუმცა ადვოკატებმა მოსამართლის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლომ კი ადვოკატები დააბრუნა.

როგორც მიხეილ რამიშვილი აცხადებს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ დეკანოზს ჰკითხა, სურდა თუ არა მას, რომ მისი უფლებები დეკანოზის ადვოკატებთან ერთად სახაზინო ადვოკატებსაც დაეცვათ, რაზეც გიორგი მამალაძემ თანხმობა განაცხადა:

“განკარგულება როდესაც მიიღო მოსამართლემ ჩვენი გათავისუფლების შესახებ, სახაზინო წესით დაენიშნა ადვოკატი, დღეს იყო განხილვა- რა პოზიცია ჰქონდა, დარჩენილიყვნენ თუ არა სახაზინო ადვოკატები. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება  და აღნიშნული ადვოკატები დარჩნენ საქმეში, ვინაიდან მამა გიორგიმ და ჩვენ ყველამ თანხმობა განვაცხადეთ. მოსამართლემ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ადვოკატები დარჩენილიყვნენ საქმეში და თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი სრულყოფილად არ იცნობენ საქმის მასალებს, ვიდეო-აუდიო ჩანაწერების ნაწილი გუშინ ჩაბარდათ და გარკვეული პერიოდი სჭირდებათ” – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზის დაკავების საქმის არსებითი განხილვა დახურულია. დღეს სასამართლო სხდომაზე დასასწრებად სახალხო დამცველი მივიდა. უჩა ნანუაშვილის თქმით, ომბუდსმენს აქვს უფლება, დახურულ პროცესს დაესწროს, თუმცა მოსამართლემ ამის საშუალება არ მისცა. როგორც ნანუაშვილი ამბობს, მოსამართლე საპროცესო კოდექსის პერსპექტივიდან უყურებს ამ საკითხს, სადაც მსგავსი პროცესების დახურვასთან დაკავშირებით რაიმე ჩანაწერი არ არსებობს. ამიტომ მოსამართლე აცხადებს, რომ საფუძველი უნდა მოიფიქრონ, რომ ომბუდსმენი პროცესს დაესწროს.

13 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურორმა ამის შესახებ საჯაროდ 13 თებერვალს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა.  პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან „ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს. მამალაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც, პროკურატურის თქმით, ბერლინში მიფრინავდა.

გენერალურმა პროკურორმა 13 თებერვალს  განაცხადა, რომ გამოძიებას ამის შესახებ მოქალაქემ შეატყობინა. “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”. 13 თებერვალს პროკურატურამ ასევე გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია: “როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე”.

ვრცლად დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი