ახალი ამბები

სირია, პროპაგანდა, უკრაინა და ლგბტ უფლებები – რაზე ისაუბრეს მაკრონმა და პუტინმა

30 მაისი, 2017 • 2427
სირია, პროპაგანდა, უკრაინა და ლგბტ უფლებები – რაზე ისაუბრეს მაკრონმა და პუტინმა

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლა, ლგბტ ადამიანების უფლებები და რუსული პროპაგანდა- ეს  ის საკითხები იყო, რომლის შესახებაც საფრანგეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციზე ისაუბრა. თავის მხრივ პუტინმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობა უარყო და მაკრონს უკრაინის გამო ეკონომიური სანქციების გადახედვისკენ მოუწოდა.

“გარდიანის” ცნობით, საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა, რომ საფრანგეთი მყისიერად უპასუხებს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას:

“ძალიან მკაფიო წითელი ხაზი არსებობს ჩვენთვის და ეს ხაზი ქიმიური იარაღის გამოყენებაა, ვინც არ უნდა იყენებდეს მას”.

პრესკონფერენციამდე პუტინსა და მაკრონს შორის შეხვედრა შედგა, რომელიც 2 საათს გაგრძელდა. მაკრონის თქმით,  სირიის კონფლიქტის მოგვარების საკითხში რუსეთთან თანამშრომლობის გაძლიერება სურს, მაგრამ, ამავე დროს, მაკრონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საფრანგეთი “სისუსტეს არ გამოიჩენს” და თუ ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ, ამას დაუყოვნებლივ უპასუხებს.

წინასაარჩევნო პერიოდში მაკრონი ამბობდა, რომ რუსეთს ჰიბრიდული სტრატეგია აქვს არჩეული, რომელიც სამხედრო დაშინებას და ინფორმაციულ ომს გულისხმობს.

საფრანგეთის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო პერიოდში მაკრონის გუნდმა აკრედიტაციაზე უარი უთხრა რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალებებს- Sputnik-ს და Russia Today-ს, რადგან, მისი თქმით, ისინი არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

წინასაარჩევნო პერიოდშივე, კერძოდ, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა მაკრონის შტაბზე. კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ კიბერშეტევაში შესაძლოა რუსეთთან აფილირებული ჯგუფები მონაწილეობდნენ. მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფდა.

ვლადიმერ პუტინს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ შეკითხვა გუშინდელ პრესკონფერენციაზეც დაუსვეს. პუტინმა უარყო საფრანგეთის არჩევნებში რაიმე ჩარევის შესახებ ინფორმაცია და თქვა, რომ ეს საკითხი როგორც პრობლემა, არ არსებობს. მისივე თქმით, მაკრონთან შეხვედრისას პრეზიდენტს ეს საკითხი არ წამოუჭრია. პუტინის თქმით, კიბერშეტევაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ საუბარი მედიასპეკულაციებია, რაზეც პოლიტიკოსებმა კომენტარიც კი არ უნდა გააკეთონ.

მაკრონმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ Russia Today და Sputnik პროპაგანდით და ყალბი ახალი ამბების გავრცელებით არიან დაკავებული:

“როდესაც მედიასაშუალებები ცილისმწამებლურ სიცრუეს ავრცელებენ, ისინი არ არიან ჟურნალისტები”, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, საუბარი ორ ლიდერს შორის “გულწრფელი და პირდაპირი” იყო. მაკრონის თქმით, “მუდმივად ფხიზლად” იქნება, რომ თვალი ადევნოს ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანის უფლებების მდგომარეობას. რუსეთი ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანების მასობრივი წამებისა და მკვლელობების საქმეს იძიებს.

თავის მხრივ, პუტინმა მაკრონი გააფრთხილა, რომ რუსეთის მიმართ უკრაინის გამო დაწესებული სანქციები ამ კრიზისს “ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადაჭრის”. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ ახლა კარგი დროა უკრაინის შესახებ მშვიდობიანი საუბრის დასაწყებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი