ახალი ამბები

წულუკიანი: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებს ევროპის საბჭოს ივნისში წარვუდგენთ

29 მაისი, 2017 • 1631
წულუკიანი: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებს ევროპის საბჭოს ივნისში წარვუდგენთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ივნისის თვეში  მთავრობა ევროპის საბჭოს უკვე წარუდგენს სამ კანდიდატს.

გუშინ, 28 მაისს, კომისიამ მთავრობისთვის წარსადგენად 5 კანდიდატი შეარჩია. ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ყველაზე მაღალი ქულების მქონე ხუთეულში შევიდნენ: ლადო ჭანტურია (5 ქულა), სოფო ჯაფარიძე (4.69 ქულა), შოთა გეწაძე (3.85 ქულა), თამარ ალანია (3.77 ქულა), ირაკლი დონდოლაძე (3.69 ქულა)

“მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, მომდევნო დღეებში საბოლოო გადაწყვეტილებისთვის მთავრობას ამ სიას წარვუდგენ. მთავრობა ამ ხუთიდან ნებისმიერ სამ კანდიდატს აარჩევს და წარუდგენს ევროსაბჭოს ივნისის თვეში. სავარაუდოდ, არჩევნები შედგება ამ წლის შემოდგომაზე,”- განაცხადა თეა წულუკიანმა შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ.

მანვე უპასუხა ამავე კომისიის წევრების, ანა ნაცვლიშვილისა და უჩა ნანუაშვილის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის წევრთა ნაწილმა ქულები არაობიექტურად დაწერა და ხუთეულში კარგი კანდიდატები ვერ მოხვდნენ.

“ჩვენ ორი  დღის განმავლობაში აბსოლუტურად გამჭვირვალედ, ჟურნალისტების თანდასწრებით ვიმუშავეთ, კანდიდატების მხრიდან არ გამოთქმულა პრეტენზიები… შედეგი, რაც დადგა, არის არითმეტიკული შედეგი, არის ქულების დაჯამება და გაყოფა 13-ზე, რადგან ვიყავით 13 წევრი. შედეგი არის, როგორიც არის.  აქედან გამომდინარე, ჩემი ვალია, რომ შედეგი წარვადგინო კოლეგიური ორგანოს, მთავრობის წინაშე და  უკვე მინისტრთა კაბინეტი შეარჩევს სამ წევრს,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კანდიდატებს კომისიის წევრების გასაუბრებაზე დასწრება ჩამწერი საშუალებების გარეშე შეეძლოთ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ამას ისურვებდა. მომდევნო ეტაპზე გასული ხუთი კანდიდატიდან სამმა (ლადო ჭანტურიამ, შოთა გეწაძემ და ირაკლი დონდოლაძემ) არ ისურვა ჟურნალისტების დასწრება, ამიტომ, ნეტგაზეთი მათთან გასაუბრებას ვერ დაესწრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი