ახალი ამბები

პენსიები, გადაადგლება, ეკოლოგია, ავარიული სახლები – ხოშტარიას დაპირებები თბილისის მოსახლეობას

27 მაისი, 2017 • 3310
პენსიები, გადაადგლება, ეკოლოგია, ავარიული სახლები – ხოშტარიას დაპირებები თბილისის მოსახლეობას

ევროპულმა საქართველომ დღეს თბილისის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარია წარადგინა, რომელიც სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის მოსახლეობას 4 ძირითადი პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა: სოციალური დახმარების ზრდა, მშენებლობები და ეკოლოგია, მოსახერხებელი გადაადგილება, ავარიულ სახლები.

“დღეს მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიბრძოლო თბილისის მერობისთვის. არ მინდა, ქალაქის მმართველობა იყოს პოლიტიკური ბრძოლისა და კინკლაობის ველი, გაგრძელდეს ერთმანეთის ჭამა. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ქალაქის მერი ემსახურებოდეს მოსახლეობას, რადგან ის ანგარიშვალდებულია მოსახლეობის წინაშე და არა რომელიმე ერთი ჯგუფის, პარტიის ან თუნდაც ნებისმიერი ერთი ადამიანის წინაშე. ამიტომ დღეს თქვენ წინაშე მინდა დავდო გულწრფელი პირობა – ერთადერთი, ვის წინაშეც ვიქნები ანგარიშვალდებული, იქნება ხალხი და არა პარტია. ჩვენს შორის ვერ ჩადგება ბიუროკრატიული კედლები, დაბურული შუშები და მიუწვდომელი კაბინეტები,” – განაცხადა ხოშტარიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ხოშტარია აცხადებს, თბილისის მხოლოდ ტერიტორია არაა, რადგან ეს არის ცოცხალი და მგრძნობიარე ორგანიზმი. მერობის კანდიდატის თქმით, დედაქალაქს გაჩნია მრავალფეროვანი ისტორია და ძალიან დიდი შესაძლებლობები:

“ამ შესაძლებლობებს ქმნიან არა მთავრობები, არამედ ჩვენ, თავისუფალი ადამიანები. დღეს ქალაქში არის უამრავი ბარიერი, უამრავი სიძნელე, სიდუხჭირე, უსამართლობა, ხოლო ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ თითქოს ამ ყველაფერს შევეგუეთ; თითქოს ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ კეთილდღეობა, შანსი და წარმატება არის სადღაც შორს, სხვა ქვეყნებში, ქალაქებში, წარსულში ან ჩვენს ოცნებებში. არა, მეგობრებო, ეს შესაძლებლობები უნდა შევქმნათ ჩვენს ქალაქში და ყველა მერთად.”

 

სოციალური დახმარებები – პენსიების ზრდა 50 ლარით

  • ჩემი ამოცანა, რომელსაც მე შევუდგები გამარჯვებისთანავე, ეს იქნება სოციალური დახმარებების ზრდა და პენსიების ზრდა 50 ლარით. არ შეიძლება, რომ ჩვენი ფული მიდიოდეს ბიუროკრატიაზე, მიდიოდეს უაზრო ხარჯებზე, მიდიოდეს ნათესავების დასაქმებაზე. ჩვენ სამართლიანად უნდა გადავანაწილოთ და დღეს ვისაც ყველაზე ძალიან უჭირს, იმათ უნდა მიიღოს ეს დახმარება.

მშენებლობები VS ეკოლოგია

  • ჩვენ არ ვართ რობოტები. ვცხოვრობთ ქალაქში და გვინდა, რომ ვსუნთქავდეთ. გვინდა, რომ ბეტონის გარდა ვხედავდეთ მწვანეს, გვინდა გვქონდეს სუფთა ჰაერი. ხშირად გვიყენებენ საკითხს ასე: ბეტონი ან სიმწვანე, მშენებლობა ან სუფთა ჰაერი. დადგა დრო, როდესაც უნდა მივიღოთ გონივრული, გააზრებული, შეჯერებული გადაწყვეტილებები. შევძლოთ მშენებლობა იქ, სადაც ეს საჭიროა და ხალხს უნდა, ხოლო მწვანე იქ, სადაც სჭირდება ქალაქს. ამიტომ ჩვენ უნდა დავსხდეთ და ყველა ადამიანის ინტერესი გავითვალისწინოთ.  უნდა დამთავრდეს დრო, როდესაც განსხვავებას მივყავართ კონფლიქტამდე.

უსაფრთხო გადაადგილება – შშმ პირები, მძღოლები და ფეხით მოსიარულეები

  • ქალაქი უნდა იყოს უსაფრთხო და მოსახერხებელი გადაადგილებისთვის. არ შეიძლება, რომ ავტობუსის გაჩერებაზე იდგე და გეშინოდეს, რომ შემოვარდება მანქანა. არ შეიძლება, რომ შშმ ადამიანები ვერ გადაადგილდებოდნენ, ვერ მიდიოდნენ დანიშნულების ადგილას. აქაც ჩვენ ვცხოვრობდით ხანძრის ჩაქრობის რეჟიმში. თითქოს რაღაცას ვაგვარებდით, მაგრამ კომპლექსურად არასდროს მოგვიგვარებია პრობლემები. ამიტომ დადგა დრო, რომ მივუდგეთ საკითხს არა პოპულისტურად და ზედაპირულად, არამედ ერთხელ და საბოლოოდ გადავჭრათ ქალაქის განტვირთვის პრობლემა და ეს ქალაქი იყოს კომფორტული ავტომანქანისთვისაც, ფეხით მოსიარულესთვისაც, ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისად და ა.შ.  რაც მთავარია, ადამიანმა იგრძნოს თავი კომფორტულად თავი ისე, როგორც მას უნდა.

ავარიული სახლები

  • ჩვენ გვყავს უამრავი ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ ავარიაულ სახლებში, რომლებსაც პირდაპირი გაგებით სახლები ენგრევათ თავზე, ან უკვე დანგრეული აქვთ და ისინი ეძებენ თავშესაფარს. ესეც არის პრობლემა, რომელსაც წლების განმავლობაში ან გაურბოდნენ მთავრობები, ან გულგრილად და ფორმალურად გაურბოდნენ, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი სახსრები. ჩვენ გვაქვს ყველანაირი სახსრები, გვაქვს ყველანაირი რესურსი და ძალიან დიდი საერთაშორისო გამოცდილება, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, რომ არ დაიჩაგროს ადამიანი და არ დაიჩაგროს ჩვენი ქალაქის იერი. ამიტომ ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. როგორც არ უნდა გვეშინოდეს, რომ ეს პრობლემა დიდია, ჩვენ ინვესტორებთან ერთად და ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან ერთად უნდა დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება.

 

ელენე ხოშტარია, მერად არჩევის შემთხვევაში, თბილისის მოსახლეობას ჰპირდება, რომ მთელი მისი ენერგია მიმართული იქნება იმისკენ, რომ შექმნას შესაძლებლობების ქალაქი: ახალგაზრდებისთვის, პენსიონერებისთვის, მშრომელებისთვის, სოციალურად გაჭირვებულებისთვის და ჩვენი საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის.  მისი თქმით, მოსახლოებამ უნდა იცოდეს, რომ ქალაქის მერი არ არის ქალაქის მფლობელი: “ქალაქის მერობა და მმართველობა – ეს არის პასუხისმგებლობა”.

ევროპულმა საქართველომ ელენე ხოშტარია თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა. 27.05.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ევროპულმა საქართველომ ელენე ხოშტარია თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა. 27.05.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი