ახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოს გაყალბებული ისტორია – რას (არ) გვიყვება ჩვენი ქვეყნის წარსული

25 მაისი, 2017 • 20206
საქართველოს გაყალბებული ისტორია – რას (არ) გვიყვება ჩვენი ქვეყნის წარსული

რას გვასწავლის ისტორიის შესახებ წიგნები? – ამ შეკითხვით მიმართავს ფილმის, “უსახელო ნაძირლების” მთავარი ანტიგმირი, პოლკოვნიკი ჰანს ლანდა ფილმის მეორე გმირს, ალდო რეინს. ჰანს ლანდა ნაცისტური გერმანიის პოლკოვნიკია და გარიგებას დებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებები მას არ შეეხოს.

“როდესაც ამ ღამის შესახებ სამხედრო ისტორია დაიწერება, იტყვით, რომ ამ ოპერაციის მონაწილე ვიყავი, როგორც ორმაგი აგენტი. ყველაფერი, რაც გავაკეთე, როგორც SS-ის პოლკოვნიკმა, აშშ-ის საომარი სტრატეგიების ოფისის მიერ იყო დაგეგმილი. ბოროტება კი, რომელიც ჩავიდინე, იმისათვის იყო გამიზნული, რომ გერმანელებს ჩემი ნამდვილი სახე არ დაენახათ”,- ამბობს ის.

ლანდა ითხოვს ღირსების მედალს, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობასა და ჯილდოს სახით მიწის ნაკვეთს, თითქოს უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინოს. საბოლოოდ კი ისტორიას გმირად რჩება ადამიანი, რომელსაც ისევე სძულდა ებრაელი ხალხი, როგორც ჰიტლერს. დამალული ებრაელების პოვნა ლანდასთვის მხოლოდ დავალება არ ყოფილა, იგი ერთობოდა ამ პროცესით, რადგან “ნადირობა” სიამოვნებას ჰგვრიდა.

ისტორიის დამახინჯება და გაყალბება მხოლოდ ფილმებში არ გხვდება. მუზეუმის საერთაშორისო დღეს, 18 მაისს, ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ წაიკითხა ლექცია, სახელწოდებით “მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე”.

როდესაც საქართველოს ისტორიაზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია ორი შეკითხვა დავსვათ – რას გვიყვება და რას არ გვიყვება ჩვენი ქვეყნის წარსული. როგორც ლაშა ბაქრაძე ამბობს, საქართველოს ისტორია გმირების შესახებ მოგვითხრობს, სადაც არ არის აღწერილი ყოველდღიურობა, მაგალითად, თუ რით იკვებებოდნენ ადამიანები, ან რა ეცვათ კონკრეტულ დროს.

მეორე მხრივ, ის, რის შესახებაც საქართველოს ისტორიაში არ მოგვითხრობენ, კონტექსტია. შესაბამისად, მოვლენებს მხოლოდ შავ-თეთრ პრიზმაში აღწერენ:

“როდესაც საქართველოს ისტორიას კითხულობ, კონტექსტის უქონლობა შემაძრწუნებელია, კონტექსტი მხოლოდ და მხოლოდ ის კი არ არის, რა დაპყრობითი ომები მიმდინარეობდა, კონტექსტი ისაა, მაგალითად, რა ეკონომიური ძვრები იყო. ამის შესახებ საქართველოს ისტორიაში, ფაქტობრივად, ძალიან ცოტა რამეს თუ ნახავთ”. – ამბობს ბაქრაძე.

[red_box]საქართველოს მტრების რეპრეზენტაცია[/red_box]

ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ საქართველოს ისტორიაში მტერს მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ხედავენ. მაგალითად, მონღოლეთის იმპერიაზე, სადაც საბანკო საქმიანობაში პირველებმა შემოიღეს თამასუქები და საჭირო აღარ იყო ვაჭრებს ოქროს მონეტები თან ეტარებინათ, სადაც შექმნეს უსწრაფესი საფოსტო სისტემა, საქართველოს ისტორიაში მხოლოდ იმას წავიკითხავთ თუ როგორ დაანგრია და გაანადგურა საქართველო.

“რასაკვირველია, საქართველოსათვის მონღოლეთის იმპერია სრულიად დამღუპველი მოვლენა იყო. საქართველო წელში გატეხა, მაგრამ, ამავე დროს, მონღოლების ველურებად მოხსენიება არ იქნებოდა მთლად სწორი”,- ამბობს ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით, ისტორიის გაყალბება და პატრიოტული სულისკვეთებით დანახვა ზოგადად დამახასიათებელია საქართველოს ისტორიისთვის.

[red_box]ქალები საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაში[/red_box]

ლიტერატურის მუზეუმში 2013 წლის 27 ივნისს  გამოფენა „ელენე დარიანი – ქალი პაოლოს უკან“ გაიხსნა. გამოფენილი მასალები გვიყვება იმის შესახებ, რომ დარიანული ციკლის ავტორი არა მარტო პაოლო იაშვილი, არამედ ელენე დარიანიც არის. ლაშა ბაქრაძე იხსენებს ამ გამოფენას და ელენე დარიანს, რომელსაც ლიტერატურისმცოდნეები უარყოფითად შეხვდნენ.

ბაქრაძე ამბობს, რომ ელენე დარიანის მიმართ მტრული დამოკიდებულება იმდენად შორს მიდის, რომ ლიტერატურის მკვლევრები უარყოფენ ელენე დარიანის არსებობასაც კი:

“სხვათა შორის, პაოლოს არასდროს უთქვამს, რომ ეს ლექსები მისია, ერთადერთი – არსებობს ხელნაწერი რვეული, რომელიც ცოლს აჩუქა და პაოლო იაშვილი აწერია ამ რვეულს. საინტერესოა ისიც, რომ შემდგომ დაწერილი ლექსები განსხვავებულია. იმის ნაცვლად, რომ ტექსტის ანალიზი გაკეთდეს, მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, რომ ეს არ შეიძლება”- ამბობს ბაქრაძე.


რატომ არის მნიშვნელოვანი ისტორიის სწორად აღქმა და ცოდნა? როგორც ლაშა ბაქრაძე ამბობს, მითების დაჯერებისკენ მიდრეკილი საზოგადოება გაცილებით დაუცველია პროპაგანდის მიმართ, მათ შორის, რუსული პროპაგანდის მიმართ, რომლის შესახებაც შეთანხმებული მოსაზრება არსებობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი