ახალი ამბები

NGO-ები: ჩნდება ეჭვი, რომ ფარცხალაძემ წინასწარ იცოდა თორდიაზე ვიდეომასალის არსებობა

25 მაისი, 2017 • 2235
NGO-ები: ჩნდება ეჭვი, რომ ფარცხალაძემ წინასწარ იცოდა თორდიაზე ვიდეომასალის არსებობა

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გენერალური აუდიტორის შესახებ ვიდეომასალის გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის შორის მომხდარ ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებას და შესაძლოა, ამ შემთხვევის აქტუალურობის გადაფარვის მცდელობას ისახავდეს მიზნად.

ერთობლივ განცხადებაში არასამთავრობოები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს არ არის პირის მაკომპრომეტირებელი მასალის გასაჯაროების პირველი შემთხვევა:

“სამწუხაროდ, მსგავსი ეჭვები წარსულშიც არაერთხელ გაჩენილა, ეს კი, შესაძლოა, სამართალდამცავი სისტემის მუშაობის მანკიერ მეთოდებზე მიუთითებდეს. ამასთან, გაუგებარია, როგორ მოხდა გამოძიების ხელთ არსებული ვიდეომასალის გასაჯაროება. დამატებით ეჭვებს აჩენს ოთარ ფარცხალაძის მიერ მიმდინარე წლის 14 მაისს გაკეთებული განცხადება, სადაც ის ლაშა თორდიას „შეუფერებელ“ ქცევაზე მიუთითებს. აღნიშნული განცხადება აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ ოთარ ფარცხალაძემ წინასწარ იცოდა ვიდეომასალის არსებობის შესახებ. ამგვარი განცხადების გავრცელება კი, შესაძლოა, ასევე შეფასდეს მთავარი აუდიტორის დაშინებისა და მასზე ზემოქმედების მცდელობად,” – აცხადებენ NGO-ები.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტი არავითარ კავშირში არ არის გავრცელებულ ვიდეოკადრებთან და ორივე შემთხვევა დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული. მათი განცხადებით, ბოლო პერიოდის მოვლენათა ქრონოლოგია კიდევ ერთხელ მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზების პრობლემაზე და აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს ამ ორგანოთა საქმიანობის მიმართ:

“ამასთანავე, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ 24 მაისს გავრცელებული ვიდეომასალის ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ ინციდენტს უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველას ერთნაირად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ჩადენილი კანონდარღვევისთვის. თუმცა, ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული მტკიცებულება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული პირის მაკომპრომეტირებელ იარაღად.”

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, სავარაუდოდ, ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში ჩადენილი ძალადობრივი აქტის ობიექტური და დროული გამოძიება, რომელიც საქართველოს პარლამენტის აქტიური მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. როგორც NGO-ები აცხადებენ, ასევე, მნიშვნელოვანია ჩატარდეს დროული გამოძიება და შესაბამისი კვალიფიკაცია მისცეს 2016 წლის 24 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს.

განცხადებას ხელს აწერს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სიდა.

24 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა გენერალური აუდიტორის შესახებ ვიდეომასალა, სადაც სავარაუდოდ ლაშა თორდიას 2016 წლის 24 დეკემბერს კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტი არის ასახული. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 24 დეკემბრიდან მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ სამინისტროს ჯერ კიდევ 2016 წლის 24 დეკემბერს ჰქონდა, თუმცა დღემდე ვიდეომასალის ავთენტურობის საკითხი დადგენილი არ არის და არ არის გამოკვეთილი პასუხისმგებელი პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი