ახალი ამბებიეკონომიკა

რა საკითხებს განიხილავენ თბილისის რეგიონალურ ენერგეტიკულ სამიტზე

25 მაისი, 2017 • 20054
რა საკითხებს განიხილავენ თბილისის რეგიონალურ ენერგეტიკულ სამიტზე

საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების შესაბამისად გატარებული რეფორმები და მათი ზემოქმედება ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე; ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების და ვაჭრობის ხელშეწყობისათვის საჭირო რეგიონალური ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა; ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განსაზღვრა და დაფინანსება, – ეს ის საკითხებია, რომლებსაც თბილისის “რეგიონალურ ენერგეტიკულ სამიტზე” დღეს განიხილავენ.

სამიტი, რომელიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეფორმებს ეძღვნება, ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ გახსნა. ღონისძიება ენერგეტიკის სამინისტროს, USAID-ის პროექტის “მმართველობა განვითარებისათვის”, G4G -ის და ევროკავშირის EU4ENERGY-ის ფარგლებში იმართება. 

“რეგიონული ენერგეტიკული სამიტი” წარმოადგენს გასულ წელს ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტის და გამართული ღონისძიების სახეცვლილებას. ენერგეტიკის სამინისტრომ წელს პარტნიორებთან ერთად სამიტის მასშტაბის გაფართოება გადაწყვიტა. კალაძის თქმით, ახალი გარემოებიდან გამომდინარე, სამიტის შინაარსი და თემატური რაკურსი შეიცვალა, რომელიც საქართველოს “ენერგეტიკულ გაერთიანებაში” გაწევრიანებას უკავშირდება.

“დღეს უკვე წარმოვადგენთ აღნიშნული ორგანიზაციის ოფიციალურ წევრს და აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და შესაბამისი რეფორმატორული საქმიანობისათვის ოპტიმალური დღის წესრიგის შემუშავება, რომელიც ასევე მორგებული იქნება რეგიონის სფეციფიკაზე. მჯერა, რომ ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებს ენერგეტიკის სფეროში პროგრესის მიღწევის დიდი პოტენციალი აქვთ და ამ მიმართულებით წარმატებას კი აქვს გადამდები ეფექტი ეკონომიკის სხვა დარგებზეც, რაც საყოველთაო წარმატების საწინადარი იქნება მომავალში,” – განაცხადა კახა კალაძემ

EU4ENERGY წარმოადგენს ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის ოთხწლიან პროგრამას, რომელიც 2016 წლის ივნისში დაიწყო. EU4ENERGY-ის მესამე კომპონენტი, “საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემო და საკვანძო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა”, ევროკავშირის მიერ ფინანსდება, ხოლო თანადაფინანსებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელნი არიან “ენერგეტიკული გაერთიანებისა” და “ენერგეტიკული ქარტიის” სამდივნოები. მისი მიზანია ენერგეტიკულ სექტორში საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემოს გაუმჯობესება და საკვანძო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების განსაზღვრა. ინიციატივა მოიცავს ექვს ქვეყანას: მოლდოვას, უკრაინას, სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და ბელარუსიას.

G4G – „მმართველობა განვითარებისათვის“ USAID-ის ხუთწლიანი, $19.3-მილიონიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად, ასევე, გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდასაჭერად.

ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, სამიტში მონაწილეობენ საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის ხელმძღვანელი ვინსენტ რეი, თურქეთის ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის მინისტრის თანაშემწე ფათიჰ დონმეზი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნერბივი რესურსების მინისტრის მოადგილე აიაკ არუთინიანი, ასევე, საქართველოს მთავრობის,  კერძო და სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.

რეგიონული ენერგეტიკული სამიტი თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

რეგიონული ენერგეტიკული სამიტი თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი