ახალი ამბები

ომბუდსმენმა ქვეყანაში ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მიზნით სპეციალური კამპანია დაიწყო

25 მაისი, 2017 • 1681
ომბუდსმენმა ქვეყანაში ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მიზნით სპეციალური კამპანია დაიწყო

სახალხო დამცველი შრომის უფლებების და უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალურ კამპანიას იწყებს. ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა დღეს, 25 მაისს, კონფერენციაზე – “შრომის ინსპექციის მომავალი საქართველოში” განაცხადა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, წლებია მიმდინარეობს საუბარი ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის შესახებ, თუმცა მდგომარეობა არ იცვლება. ერთადერთი ცვლილება, მისი თქმით, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის ზრდაა:

“წლების განმავლობაში ვსაუბრობდით ინსპექციის შექმნის აუცილებლობაზე, ხდებოდა ინციდენტები, შეშფოთებული ვიყავით რამდენიმე დღე, შემდეგ ცხოვრება გრძელდებოდა. წლიდან წლამდე მეორდება რეკომენდაციები, მაგრამ არაფერი შეცვლილა. მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა – გასულ წელს 58 ადამიანი გარდაიცვალა სამუშაო ადგილზე, 85 კი  დაშავდა. ეს არ არის მხოლოდ სტატისტიკა. ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა, ძალიან ბევრი ოჯახი დარჩა მარჩენალის და ოჯახის წევრის გარეშე,” – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

მისივე აზრით, დღეს ქვეყანა გზაგასაყარზე იმყოფება. ამ რეალობიდან გამომდინარე, ომბუდსმენი შრომის მონიტორინგის ეფექტური მექანიზმის შექმნის მიზნით სპეციალურ კამპანიას იწყებს.

“ჩვენ ვართ გზაგასაყარზე, რეალურად ეფექტური შრომის მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომელსაც ყველა საწარმოში შეეძლება შესვლა და სანქციების დაკისრება. ჩვენ დღეიდან ვიწყებთ სპეციალურ კამპანიას, უფრო მეტი ფოკუსით შევისწავლით კონკრეტულ საკითხებს; უფრო მეტად გავააქტიურდებით, რათა დავაკაკუნოთ იმ კარზე, რომელსაც არ აღებენ; დავსვათ ის კითხვები, რომლებსაც კონკრეტული პასუხი სჭირდება; რათა შევძლოთ და მივაღწიოთ ინსპექციის შექმნას და შრომის პირობების გაუმჯობესებას,” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის აპარატი იქნება ყველგან, სადაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია.

___________________________________

პროფკავშირების მონაცემებით, 2007-2016 წლებში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 420 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 716 – მძიმედ დაშავდა. 2015 წელს სამუშაო ადგილზე 42 ადამიანი გარდაიცვალა, 80 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. უკვე 2016 წელს 2016 გარდაიცვალა 58, ხოლო მძიმედ დაშავდა 84 მუშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი