ახალი ამბები

მთავრობა ახალი სასოფლო-სამეურნეო პროგრამისთვის 6 მილიონს გამოყოფს

25 მაისი, 2017 • 1774
მთავრობა ახალი სასოფლო-სამეურნეო პროგრამისთვის 6 მილიონს გამოყოფს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა ახალ სასოფლო-სამეურნეო პროგრამას დააფინანსებას. მისი თქმით, ეს პროგრამა იმისთვის შეიქმნა, რათა მთიანი რეგიონები მოსახლეობისგან არ დაიცალოს და მთაში მაცხოვრებლების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

ინიციატივის თანახმად, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა, მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან დახმარებათა პაკეტი ამოქმედდება:

“ეს იქნება ტექნიკის გადაცემა, სათიბ-საძოვრების გადაცემა იმისათვის, რომ მეცხოველეობის განვითარებას შევუწყოთ ხელი. ეს პროგრამა ორ წელს მოიცავს და სახელმწიფო 6 მილიონ ლარს გამოყოფს. პირველ ეტაპზე პროგრამა ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანა ფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ რძის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას, მის აღჭურვას. აღნიშნული საწარმო პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელიც 8 წლის განმავლობაში საბალანსო ღირებულების მხოლოდ 23%-ს დაფარავს.

ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით. მე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ ამ პროგრამაზე და ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, რომელსაც ექნება ზეგავლენა მთაში მაცხოვრებელი რიგითი ადამიანის ცხოვრების დონეზე”,- განაცხადა კვირიკაშვილმა

მასალების გადაბეჭდვის წესი