ახალი ამბები

მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი შესაძლოა დაქორწინება აღარ გახდეს

24 მაისი, 2017 • 2946
მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი შესაძლოა დაქორწინება აღარ გახდეს

მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი  შესაძლოა დაქორწინება აღარ გახდეს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა.

დღეს მოქმედი კანონით, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა, ან შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას.

სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტით კი ქორწინების დარეგისტრირება სტატუსის შეწყვეტის საფუძველი არ იქნება. კერძოდ, შეწყვეტის საფუძველი ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის შეტანა არის.

სამუშაო ჯგუფი მას შემდეგ შეიქმნა, რაც სახალხო დამცველმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლის მიხედვით, სტატუსის შეწყვეტის საფუძველი დაბადების მოწმობაში მეორე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მონაცემების შეტანა უნდა ყოფილიყო. სახალხო დამცველი მიიჩნევდა, რომ თუ დაქორწინებისას მშობელს სტატუსი შეუწყდება, განქორწინების შემთხვევაში კანონით დაურეგულირებელი დარჩება ბავშვზე ზრუნვის ტვირთის განაწილების, მარტოხელა მშობლის სტატუსის ხელახლა მიღების, სკოლასა და ბაღში ბავშვის რეგისტრაციის და ბავშვთან დაკავშირებული სხვა თემებზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი.

“ომბუდსმენი მიიჩნევდა, რომ არსებული წესი სამართლიანი არ არის და ხშირია შემთხვევა, როცა ქორწინების შემდეგ პარტნიორი არ იღებს ვალდებულებას ბავშვზე. ჩვენ განვიხილეთ მისი წინადადება და ჩვენი ვარიანტი დავდეთ. პრინციპში, ვეთანხმებით სახალხო დამცველის სულისკვეთებას, რომ სამოქალაქო ქორწინება სტატუსის გაუქმების საფუძველი არ უნდა იყოს,” – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

სამუშაო ჯგუფის და “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის” წევრი სალომე მეზურნიშვილი ამბობს, რომ პარლამენტმა პრობლემა სწორად აღიქვა. თუმცა, მისი თქმით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის:

“ადამიანს მარტოხელა მშობლის სტატუსი ექნება თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს, თუ არ იარსებობს მისი სოციალური დაცვის მექანიზმები. ამიტომ, უკვე დროა დავიწყოთ მსჯელობა, თუ რა დახმარება და საკანონმდებლო შეღავათი უნდა ჰქონდეთ ასეთ მშობლებს,” -ამბობს მეზურნიშვილი.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მარტოხელა მშობლების სოციალური დაცვის მექანიზმების შემოღება რთული საკითხია:

“ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე. ჩვენ, დეპუტატების ნაწილი მზად ვართ ბევრი რამისთვის, მაგრამ საბიუჯეტო რეალობა სხვა არის. რთული თემაა. ჩვენ რომ მდიდარი სახელმწიფო ვიყოთ, იცოცხლე, ყველაფერს მოვაგვარებდით. მაგრამ, მარტო ერთი ლევან გოგიჩაიშვილის ან დიმიტრი ცქიტიშვილის სურვილი არ არის საკმარისი ამისთვის,” – ამბობს გოგიჩაიშვილი და აღნიშნავს, რომ კანონპროექტს  უახლოეს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მონაცემებით, ქორწინების რეგისტრაციის გამო 2016 წელს მარტოხელა მშობლის სტატუსი 12 პირს შეუწყდა, ხოლო 2017 წელს – 3 პირს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი დამტკიცების შემთხვევაში მათ მარტოხელა მშობლის სტატუსი აღუდგებათ.

მარტოხელა მშობლლის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის სხდომა

მარტოხელა მშობლლის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის სხდომა

___________________________________________________________

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მარტოხელა მშობელი არის ამ მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი.

მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა ან შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსით, მარტოხელა მშობლის მიერ წლის განმავლობაში მიღებული 3 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება.  მარტოხელა მშობლებისთვის სხვა შეღავათს კანონი არ ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი