ახალი ამბები

ირაკლი ალასანია ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს განაგრძობს

21 თებერვალი, 2013 • 954
ირაკლი ალასანია ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს განაგრძობს

ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მრავალწლიანი გეგმა გააცნო.

 

შეხვედრისას ირაკლი ალასანიამ და ალექსანდრე ვერშბოუმ ავღანეთში პოსტ-ISAF-ის პერიოდში საქართველოს როლზეც ისაუბრეს. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებითაც დაინტერესდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მას მმართველი გუნდის ინიციატივები და უმრავლესობასა და უმცირესობას შორის  მიმდინარე მოლაპარაკებები გააცნო,”- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

სამინისტროს ინფორმაციითვე, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ რეფორმებს, რომელიც “დავიწყეთ თავდაცვის უწყებაში და რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ასევე, გავაცანით სამინისტროს ხედვა, ჩვენი შეიარაღებული ძალების რეფორმის მრავალწლიანი გეგმა. განვიხილეთ ჩვენი მისია ავღანეთში,  თუ რა სახით შეიძლება  შეიტანოს თავისი წვლილი საქართველომ პოსტ-ISAF-ის პერიოდში, როგორც ავღანეთის, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვისაუბრეთ ასევე საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზეც. მე გავაცანი ბატონ ვერშბოუს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მოლაპარაკების მიმდინარეობის პროცესი. ვისაუბრეთ იმ შეთავაზებაზე, რომელიც უმრავლესობამ გააკეთა. ნატოს ხელმძღვანელობა სწორედ ამ ინიციატივების განხორციელებას ელოდება. პოლიტიკური სტაბილურობის კიდევ ერთი დამადასტურებელია ის, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო საქართველოს უახლოეს თვეებში ეწვევა.”

 

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ალასანია  ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან და  ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალთან, გენერალ ჯოზეფ დანფორდთან გამართავს შეხვედრებს. ასევე დაგეგმილია თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.

 

ირაკლი ალასანია ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრასაც დაესწრება.

 

ვიზიტის ფარგლებში პროექტ „საქართველო III“-ის დახურვის ცერემონიაც გაიმართა.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიწვეულ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ სიტყვით მიმართეს.

 

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში დიდი რაოდენობით ნაღმი და ომის ფეთქებადი ნარჩენი დარჩა. მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა 2008 წლის ომის შემდეგ. დაბინძურებული აღმოჩნდა მილიონობით კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. საბედნიეროდ, ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, შევძელით მინიმუმამდე შეგვემცირებინა ნაღმებისა და ომის ფეთქებადი ნარჩენების საფრთხე. ომის შედეგად დანაღმული მთელი ტერიტორია სრულად გაიწმინდა, ხოლო საქართველოში მდებარე ყოფილი რუსული სამხედრო ბაზები გაინაღმა“ – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. 

 

პროექტის ოფიციალურად  დახურვას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

დღესვე, ირაკლი ალასანიამ პროექტის მორიგი ეტაპის „საქართველო IV“-ის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

 

ახალი პროქტი სოფელ სკრის ტერიტორიაზე მდებარე აგვისტოს ომის შედეგად დაზიანებული იარაღის საწყობის გაწმენდასა და სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის მესანგრეთა ასეულის დამატებით მომზადებას ითვალისწინებს.

 

პროექტი „საქართველო III“ ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის სატრასტო ფონდის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის მესანგრეთა ასეული ჰუმანიტარული განაღმვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდა და აღიჭურვა. თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა გორის სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო რეაბილიტაციის განყოფილებასაც.

 

დახურვის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ ნატოს შტაბ-ბინაში პროექტ „საქართველო III“-ის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიმართა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი