ახალი ამბები

შიდა ქართლის საპატრულოს უფროსები დაითხოვეს – დეპუტატის შვილის ავტოავარაში დაღუპვის საქმე

24 მაისი, 2017 • 3737
შიდა ქართლის საპატრულოს უფროსები დაითხოვეს – დეპუტატის შვილის ავტოავარაში დაღუპვის საქმე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ორი ხელმძღვანელი პირი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი. მათი კადრებში გადაყვანა დეპუტატ ირაკლი ხახუბიას 21 წლის შვილის, ბექა ხახუბიას ავტოავარიაში დაღუპვას უკავშირდება.

შსს-ში აცხადებენ, რომ ორივე პოლიციელი კადრების განკარგულებაში გამოძიების დასრულებამდეა გადაყვანილი, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.

16 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევისას ბექა ხახუბია ავტოავარიაში დაიღუპა. “რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, რომელიც ახალგაზრდის გარდაცვალებაში საპატრულო პოლიციას ადანაშაულებს, ამბობს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდას პოლიციამ გორის გვირაბთან სატვირთო ავტომობილით ჩაუხერგა გზა, რომელსაც ხილვადობის ნაკლებობის გამო მძღოლი მაღალი სისწრაფით შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა. როგორც კუპრავამ ნეტგაზეთს განუცხადა, თავად მუშაობდა ამ უწყებაში და ინფორმაციაც მოქმედი პოლიციის თანამშრომლებისგან აქვს. გარდა ამისა, კუპრავა ამბობს, რომ გორში უკვე ყველამ დეტალურად იცის მომხდარის შესახებ.

“საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას ვაჟი, ბექა ხახუბია მანქანით მიემგზავრებოდა თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, რა დროსაც დაახლოებით გორთან დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც მძღოლს მანქანის გაჩერება მოსთხოვა. ბექა ხახუბია, ვინაიდან იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მართვის მოწმობის ჩამორთმევის შიშით, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციას და დასხლტომის მიზნით გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა ხაშურის მიმართულებით.

ხაშურთან ბექა ხახუბია მიხვდა, რომ საპატრულო პოლიცია მისი დევნის შეწყვეტას არ აპირებდა, ხაშურის ცენტრში, წრესთან, მოაბრუნა ა|მანქანა და გეზი ისევ თბილისისკენ აიღო. ამ დროს გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს მისი კუთვნილი სატვირთო მანქანა და ჩახერგეს გორის გვირაბის გასასვლელი. დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. სამწუხაროდ, საპატრულო პოლიციის უკანონო ქმედების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა,” – წერს სოციალურ ქსელში ზვიად კუპრავა.

მომხდართან დაკავშირებით თავდაპირველად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე -5 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მუხლი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

17 მაისს ეს საქმე უკვე მთავარმა პროკურატურამ გადაიბარა, რომელიც სსსკ–ის ამავე მუხლითა და ნაწილით აწარმოებს გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი