ახალი ამბებისაზოგადოებაფოტო

ქალები წყალს თუნგითა და ურიკებით ეზიდებიან – ფოტორეპორტაჟი კახეთიდან

30 მაისი, 2017 • 14972
ქალები წყალს თუნგითა და ურიკებით ეზიდებიან – ფოტორეპორტაჟი კახეთიდან

ზემფირა ეიბოვა დაახლოებით 30 წელია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცხოვრობს, სადაც უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია.  როგორც გვიყვება, ამ დროის განმავლობაში მათ არასდროს ჰქონიათ სახლებში სასმელი წყალი და მის მოსატანად ძირითადად ქალები ახლომდებარე ხევში, წყაროზე ჩადიან.

მისი ოჯახის წევრები ამჟამად თურქეთსა და აზერბაიჯანში მუშაობენ და სახლში რძალთან ერთად ცხოვრობს. სახლის საქმეს ეიბოვა დამოუკიდებლად უძღვება. სასმელი წყლის მოსატანად დღეში ორჯერ – დილით და საღამოს, ხევში წყაროსთან ჩადის, ან ფეხით, ან ვირით. ძირითადად წვიმის წყალს აგროვებენ და დასარეცხად, დასაბანად მას მოიხმარენ. როგორც თავად ამბობს, თუ მშრალი ამინდები დიდხანს გაგრძელდა და წყლის შეგროვება ვერ შეძლეს, მაშინ დიდი ბოცებით მიდიან მანქანით წყაროზე და ისე ეზიდებიან წყალს.

ზემფირა ეიობოვას მსგავსად ყოველდღიურად სახლში სასმელი წყლის მიტანა ამ სოფელში ძირითადად მხოლოდ ქალებს უხდებათ.

IMG_0017

ზემფირა ეიბოვა მისი სახლიდან რამდენიმე ათეული მეტრით მოშორებულ ხევში, წყაროზე წყლის ამოსატანად ზოგჯერ დღეში 2-ჯერ ჩადის ფეხით ან ვირით.

IMG_0016

სახელდახელოდ მოწყობილი ხელსაბანი ეიბოვების ოჯახში.

სოფლებში რამდენიმე წერტილშია წყლის ონკანები დამონტაჟებული, თუმცა ამჟამად არც ერთ მათგანში მოდის წყალი.

სოფლებში რამდენიმე წერტილშია წყლის ონკანები დამონტაჟებული, თუმცა იმ ონკანებში, რომლებიც ჩვენ შევამოწმეთ წყალი არ მოდიოდა. სოფლის მაცხოვრებლებიც ამბობენ, რომ ისინი თითქმის უფუნქციოდაა დარჩენილი.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი ხალხით დასახლებული სოფლების – იორმუღანლოს, ლამბალოს და კეშალოს ორღობეებში შეხვდებით ურიკებიან, ბოცებიან ან თუნგებაკიდებულ ქალებს, რომლებიც წყაროზე წყლის მოსატანად მიდიან. ისინი უცხო ადამიანეთან საუბარს ერიდებიან და არც ფოტოების გადაღების უფლებას გვრთავენ. წყაროზე შევხვდით ქალებს, რომლებიც სახლში წყლის წაღების ნაცვლად, სარეცხს იქვე, ცივ წყალში რეცხავდნენ. ისინი ჩვენთან საუბარში ამბობდნენ, რომ ოჯახის საქმეებს აკეთებენ და წყლის მომარაგებაც მათი მოვალეობაა.

IMG_9948

ეს სოფელ ლამბალოს ძველი წყაროა, სადაც ქალები გაზაფხულსა და ზაფხულში ცხელ ამინდებში სარეცხსაც რეცხავენ.

IMG_9958

დასარეცხი ტანსაცმელი ქალებს წყაროსთან ურიკებით ჩამოაქვთ და ცივ წყალში რეცხავენ.

IMG_9964

ქალებს სახლებიდან ათობით მეტრის გამოვლა უწევთ წყაროსთან ჩამოსასვლელად. სოფლებში სულ რამდენიმე ძირითადი წყაროა, სადაც სასმელად სუფთა წყლის ავსებაა შესაძლებელი

IMG_9979

ზოგიერთი ქალი წყლის სახლში წასაღებად დღემდე თუნგს იყენებს. ჭურჭელს თოკით ზურგზე მოიგდებენ და ასე მიაქვთ. ასევე, ამბობენ, რომ თუნგი მოცულობითაც დიდია და მეტი წყლის წაღებაა შესაძლებელი.

IMG_9969

ამ ქალის თქმით, სასმელი წყლის მომარაგება თავად იმიტომ უწევს, რომ შვილები და ქმარი მუშაობენ, წყლის წყაროდან მოტანის დრო არ აქვთ. თვითონ დიასახლისია და ამ მოვალეობასაც ითავსებს.

IMG_9984

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ქურდოვანიძე ამბობს, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებულ სოფლებში წყლის პრობლემის შესახებ ინფორმაციას ფლობენ და პრობლემა სოფლებში ათეული წლებია არსებობს. მისი თქმით, ამჟამად მხოლოდ ერთი სოფლის, დუზგრამას მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეძლო წყლის სახლებში შეყვანა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ჭაბურღილის რეაბილიტაციას ახორციელებს, სხვა პროექტი, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს, წელს არ იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი