ახალი ამბები

“რაკია ჯორჯია”: გელა მიქაძემ $17.2 მილიონზე ბევრად მეტი თანხა მიითვისა

24 მაისი, 2017 • 2566
“რაკია ჯორჯია”: გელა მიქაძემ $17.2 მილიონზე ბევრად მეტი თანხა მიითვისა

“რაკია ჯორჯიას” განცხადებით, $17.2 მილიონი დოლარი, რომლის მითვისების გამოც ქართველ პარლამენტარს, გელა მიქაძეს გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა, არის მხოლოდ პატარა ნაწილი იმ სოლიდური თანხიდან, რომელიც მან თაღლითური გზით მიითვისა.

გუშინ 23 მაისს, ცნობილი გახდა, რომ დეპუტატ გელა მიქაძეს, გიორგი ჯანაშიას და ხატერ მასაადს, რომლებიც “რაკიას” ნდობით აღჭურვილი პირები იყვნენ, 15 წლით პატიმრობა მიესაჯათ და $17.2 მილიონის კომპანიისთვის გადახდა დაეკისრათ.

“რაკია” ასევე აცხადებს, რომ გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის, საქართველოშიც.

“ეს არ არის პირველი საქმე, რომელიც ჩვენ ბატონი გელას წინააღმდეგ მოვიგეთ. რაკიას საქართველოში ინვესტირებული აქვს მილიარდზე მეტი და ჩვენ ვაგრძელებთ წარმატებულ საქმიანობას… ემირატების კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქეს, რომელსაც დაუსწრებლად მიესჯება პატიმრობა, მისი ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში ხელახლა განიხილავს სასამართლო საქმეს. როდესაც ბატონი გელა აცხადებს, რომ იჩივლებს, ეს მცდარია. მას შეუძლია ჩავიდეს ქვეყანაში, სასამართლო ხელახლა განიხილავს მის საქმეს და თუ იგი დამნაშავე არ არის, გაამართლებენ. რაც შეეხება სასმართლოს ნდობა-არნდობის საკითხს, ბატონი გელა წლების განმავლობაში ენდობოდა რგორც შეიხს, ასევე ემირატების სასამართლო სისტემას, ბიზნესს და ა.შ. ხოლო, როდესაც დღის წესრიგში მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, გაჩნდა უნდობლობა მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ენდობა აღნიშნულ სასამართლოს,”- აცხადებს რაკია ჯორჯიას წარმომადგენელი ბექა ხრიკაძე.

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია, შესაბამისად, გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ვერ გადასცემენ.

გელა მიქაძის ადვოკატი კი ამბობს, რომ არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში საქმის გამოძიება და სასამართლო სხდომა ისე წარიმართა, რომ მათთვის არაფერი უცნობებიათ. მისივე თქმით, გელა მიქაძეს ედავებოდა შეიხი, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარე და პროკურორის ოჯახის წევრია.

თავად გელა მიქაძე ამბობს, რომ მას უწყებაც არ ჩაბარებია და მორალური ზიანის ანაზღაურებოს მოთხივნით რომელიმე ევროპული ქვეყნის სასამართლოში იდავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი