ახალი ამბები

იაფი ხელი? ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამე ვიკადრო – სესიაშვილი წვევამდელებზე განცხადებას უარყოფს

24 მაისი, 2017 • 3929
იაფი ხელი? ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამე ვიკადრო – სესიაშვილი წვევამდელებზე განცხადებას უარყოფს

დღეს, 24 მაისს, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე. ომბუდსმენი კანონპროექტს აკრიტიკებს, ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ამით არაფერი შეიცვლება.

სახალხო დამცველის კრიტიკას უპასუხა ირაკლი სესიაშვილმა და განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი მინიმუმ მის არგუმენტებს უნდა გაეცნოს. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ომბუდსმენს თუ სურვილი ჰქონდა, შეეძლო წარმომადგენელი გაეგზავნა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე.

“როგორც უმრავლესობამ, ისე უმცირესობამ (ოპოზიციამ) მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს. თუ არ მოსწონს ომბუდსმენს ჩემ მიერ შემოთავაზებული ინიციატივა, მაშინ უნდა გასჩენოდა პრეტენზია და უარყოფითი დამოკიდებულება იმ რედაქციის მიმართ, რომელიც უკვე მოქმედებს – 390-ე მუხლში, რომელზეც მისი მხრიდან კრიტიკა და რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება მე აქამდე არ მომისმენია. მეტიც, უბრალოდ, ვერ ვხედავ საფუძველს, რატომ არ უნდა მოსწონდეს ეს კანონპროექტი; მინიმუმ სტატისტიკაში რომ გაერკვეს, ისიც კარგი იქნება,” – განუცხადა ნეტგაზეთს სესიაშვილმა.

სესიაშვილის განმარტებით, პირველ რიგში, მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში საუბარია სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თვითდაზიანების შედეგად თავის არიდებაზე, რომელიც ძალიან სერიოზული პრობლემაა. მისი თქმით, არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა ამის მიზეზი “გირჩის” წევრების მიერ შექმნილი რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება:

“მე არ უარვყოფ, რომ “გირჩის” მიერ ორგანიზებული ე.წ. რელიგიური ორგანიზაცია თუ როგორც არის, არ ვიცი, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ხელოვნურად ქმნის საშუალებას, ანუ ატყუებს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რაც თვითონ დაადასტურეს. ამიტომ ნებისმიერი ტყუილი, გაყალბება მიუღებელია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგალითად, ჩემთვის თვითდაზიანების პრობლემა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე “გირჩის” მიერ ამ პოლიტიკურ კამპანიაში რაღაც ელემენტების გამოყენება.”

ნეტგაზეთის კითხვაზე, შეეხება თუ არა კანონი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე გაწევრიანდნენ ბიბლიურ თავისუფლებაში ან აპირებენ გაწევრიანებას მღვდელმსახურებად, სესიაშვილი გვპასუხობს:

“ვერ გეტყვით, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ეს არის გადასაწყვეტი შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს, ამ შემთხვევაში, სამხედრო პოლიციის. მე ამას ვერ გეტყვით, რადგან ამ რელიგიური ორგანიზაციის შესახებ არაფერი ვიცი: არც მათი მრწამსი, არც რელიგიური მოღვაწეობა, ამიტომ არ არის ჩემი გადასაწყვეტი. თუ ადამიანი იტყუება და ამ ტყუილით ცდილობს თავის არიდებას, ის დაისჯება. თუ არ ატყუებს, არ დაისჯება. მე ამას ვერ გადავწყვეტ. მე კანონმდებელი ვარ და ჩემი ვალდებულებაა, განვსაზღვრო, დავაზუსტო და სწორი ფორმულირება მოვახდინო პოლიტიკურად,” – ამბობს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ერთ–ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ ირაკლი სესიაშვილის ეს საუბარი დამაჯერებელი გახდება მაშინ, როცა დარწმუნდებიან, რომ მმართველი გუნდი ხელოვნურად არ შეეხება ბიბლიურ თავისუფლებას და გასაგებად, მიკიბვ–მოკიბვის გარეშე ახსნის, რომელ აქამდე არსებულ პრობლემას მოაგვარებს ახალი ჩანაწერი სავალდებულო სამხედრო სამსახურის კანონში და რატომ. “ბიბლიურ თავისუფლება” დაახლოებით ორი თვის წინ იუსტიციის სამინისტროში ოფიციალურად დარეგისტრირდა, რაც საჯარო რეესტრშიც არის ასახული.

“როგორც ერთ-ერთ მოქალაქეს, მგონია, რომ რა განცხადებებიც გააკეთეს “გირჩის” ლიდერებმა, რომლებმაც თქვეს, რომ ამ რელიგიურ ორგანიზაციას იმიტომ ქმნიან, რომ დაუძახონ წვევამდელებს, გააწევრიანონ და ამით თავი აარიდონ ჯარს, თვითონ თქვეს, რომ აყალბებენ და ატყუებენ. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაადასტურონ და მიიღონ ზომები – ეს ჩემი საქმე არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, რელიგიური ორგანიზაცია იქნება თუ სხვა… ვიღაცას შეუძლია ექიმის ცნობა გასცეს ან სხვა. მაგალითად, თქვენ და თქვენი 100 კოლეგა არის ექიმი, ამითაც შეიძლება გადავადება გააკეთონ. შეიძლება თქვას, რომ პედაგოგია… მაგრამ ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი და არა ჩემი,” – ამბობს სესიაშვილი.

ირაკლი სესიაშვილს მის მიერ დაახლოებით ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება შევახსენეთ, სადაც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მშვიდობიანობის პერიოდში წვევამდელები სახელმწიფოსთვის გარკვეული რესურსების ეკონომიას ეწევიან, ხოლო წვევამდელებს “გაცილებით იაფ ხელს” უწოდებს. ნეტგაზეთი დაინტერესდა, შეიცვალა თუ ამ საკითხზე სესიაშვილმა აზრი:

“მე ეს არ მითქვამს, რომ ეკონომიური რესურსების დაზოგვაა. არა.. შეურაცხყოფას ნუ აყენებთ ხალხს. იაფი ხელი? ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამე ვიკადრო. პირიქით, ყველას ვებრძვი, ვინც ასეთ ტერმინებს და სტერეოტიპებს ამკვიდრებს. კარგით ახლა, რა ვიცი… ასეთ ვიდეოს ვერ ნახავთ.”

ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ გაწვევის სისტემა, პირველ რიგში, არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი და სამხედრო-სარეზერვო სამსახურისთვის ადამიანური რესურსი.

“მეორე მხრივ, თანამოქალაქეების ჩართულობა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის, ეს არის თავი და საფუძველი იმისა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. სხვა ვერავინ დაიცავს. ძალიან ბევრი არგუმენტია, თუ რატომ [უნდა არსებობდეს გაწვევის სისტემა]. ნატოს წევრი ქვეყნები, რომლებიც გადავიდნენ საკონტრაქტოზე, მერე დაუბრუნდნენ [სავალდებულოს].”

ახალგაზრდების უმრავლეაობას არ მოსწონს, როდესაც სხვადასხვა ობიექტებზე დარაჯებად იყენებენ მათ და არა ჯარისკაცებად, თუმცა სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ესეც მათი წვრთნის ნაწილია.

“საგუშაგოს მიმართ ასევე რაღაც სტერეოტიპის დამკვიდრება, რომ საგუშაგოზე ყოფნა, ეს არის რამე ცუდი საქმე, აქ არის ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების შეცდომა ან იმ ადამიანების, ვინც ცდილობს, რომ ცუდი სტერეოტიპი დაამკვიდროს. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო საქმე, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების ნაწილი. ღმერთმა დაიფაროს, საომარი მოქმედებების დროს, სტრატეგიული ობიექტები ვინ უნდა დაიცვას? იმ გუშაგებმა უნდა დაიცვან, რომლებიც ისტორიის მანძილზე ჩვენი ქვეყნის ციხე-სიმაგრეებს იცავდნენ.”

დაარსების დღიდან “გირჩი” სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას და საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. იაგო ხვიჩიას თქმით, სახელმწიფო ადვილად “ერევა” ამ ადამიანებს და ახალგაზრდები იძულებით მიჰყავს “ვიშკაზე” ან დაცვის სამსახურში უფასო ყარაულად.

“სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვეწინააღმდეგებით იმიტომ, რომ მშიდობიანობის პერიოდში წვევამდელების გაწვევა სახელმწიფოსთვის გარკვეული რესურსების ეკონომია , ხოლო წვევამდელები “გაცილებით იაფ ხელი” კი არ გვგონია, არამედ მიგვაჩნია რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ვერ იპოვეს შესაბამისი ,,კაცი” მთავრობაში, რომელიც ჯიგრულად ჩაუწყობდა იმას რომ ჯარში არ წაეყვანათ, ან ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ფინანსური საშუალება გადაავადონ სამხედრო სამსახური,” – ამბობს ხვიჩია.

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” წევრებმა დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. იმის გამო, რომ ახალგაზრდებს არ სურთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლა, ისინი იძულებული არიან, უმაღლეს სასწავლებელში საგნები დაიტოვონ, ან რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას შეაფარონ თავი – აქამდე ახალგაზრდები ძირითადად მართლმადიდებელ ეკლესიაში მიდიოდნენ, ხოლო ახლა უკვე შეუძლიათ “გირჩის” წევრების მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციასაც შეუერთდნენ.

ახალგაზრდებს გადავადება შეუძლიათ ნახევარი წლით. შესაბამისად, თუ ნახევარი წლის შემდეგ ის კვლავ განაგრძობს “მღვდელმსახურებას”, კომისარიატი ვალდებული იქნება, კვლავ დათანხმდეს გადავადებას. სამგორის რაიონის სამხედრო განყოფილებაში 21 აპრილს გვითხრეს, რომ თუ კანონი არ შეიცვლება, მათ ახალგაზრდების გაწვევის არანაირი ბერკეტი ექნებათ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა თავდაცვის კომიტეტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი