ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ გიორგი მამალაძის პროცესიდან გაძევებული ადვოკატები უკან დააბრუნა

24 მაისი, 2017 • 3627
სააპელაციო სასამართლომ გიორგი მამალაძის პროცესიდან გაძევებული ადვოკატები უკან დააბრუნა

“ციანიდის საქმეზე” ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები, რომლებიც საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 19 მაისს პროცესიდან გააძევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყეტილებით პროცესზე დაბრუნდებიან – ამის შესახებ ნეტგაზეთს გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

19 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა “დაუმორჩილებლობის” მიზეზით ადვოკატები სასამართლო პროცესიდან გააძევა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. ეს გადაწყვეტილება, ადვოკატების განცხადებით, გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძესთან. ფანცულაიას განცხადებით, ვალერი ცერცვაძის თანაშემწემ მათ დღეს დაურეკა და აცნობა, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განკარგულება გაუქმებულია ორი ადვოკატის, გიორგი ფანცულაიასა და მიხეილ რამიშვილის შემთხვევაში.

რაც შეეხება მამალაძის კიდევ ერთ ადვოკატს, მია ზოიძეს, გიორგი ფანულაიას განმარტებით, ბესიკ ბუგიუანიშვილის განკარგულება მას დაგვიანებით ჩაბარდა და მან მხოლოდ დღეს შეძლო მისი გასაჩივრება.

“ციანიდის საქმეზე” მომდევნო პროცესი 30 მაისს, 11 საათზე არის დანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი