შსს ლაშა თორდიას შესახებ გავრცელებულ კადრებზე: გამოძიება 5 თვეა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკვე 6 თვეა მიმინდარეობს გამოძიება 2016 წლის 24 დეკემბერს თბილისში, „პ.ა.მ კლუბში“ მომხდართან დაკავშირებით, რომლის შესახებ კადრებიც დღეს “ფეისბუკზე” გავრცელდა. გავრცელებულ კადრებს ახლავს ტექსტი, სადაც წერია, რომ ინციდენტში გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ფიგურირებს და ის იარაღით ემუქრება ადამიანებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება  სსკ-ის 151-ე მუხლით მიმიდნარეობს, რაც მუქარას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

“გამოძიების დაწყებისთანავე, მოწმის სახით გამოკითხული ბარის თანამშრომლების: 2016 წლის 24 დეკემბერს გამოკითხული დ.გ-ს, ხოლო 26 დეკემბერს გამოკითხული ლ.ა-ს და ჯ.დ-ს ჩვენებებით, მათთვის უცნობი მამაკაცი ბარში მუსიკისთვის ხმის არაწევის გამო იარაღით ხელში თავს დაესხა დ.გ-ს და იარაღი სახის არეში რამდენჯერმე დაუმიზნა. აღნიშნული პირი ძლიერ ნასვამი იყო და სიტუაციის განმუხტვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მისი თანხმლები პირის ჩარევის შედეგად. მოწმეების ჩვენებით, ხსენებული მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა და მისი მხრიდან დ.გ-ზე განხორციელებულმა თავდასხმამ მათში მუქარის განხორციელების რეალური შიში გამოიწვია. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა თ.ბ-მ და გ.კ-მ დაადასტურეს ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები.

გამოძიების ფარგლებში, 2016 წლის 26 დეკემბერს საგამოძიებო ორგანოს ბარის მენეჯერმა თ.ბ-მ წარუდგინა 24 დეკემბერს კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ განვითარებული მოვლენების ამსახველი, შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც შესწავლის შემდეგ, მტკიცებულების სახით, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.

ამ ეტაპზე საქმეზე მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დანიშნულია ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზა ვიდეოკადრების ავთენტურობის დადგენის მიზნით. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება,”- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2017 წლის 13 მაისს ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ იმავე დღეს, გამთენიისას მას თბილისში, კლუბ “ელ ცენტროში” ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე საკუთარ დაცვის წევრებთან ერთად დაესხა თავს. თორდიას განმარტებით, თავდასხმის მიზეზი იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა, კერძოდ, ფარცხალაძემ ჰკითხა, თუ რა კომპრომატებს აგროვებდა მასზე.

გამოძიება შსს-მ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

14 მაისს ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ მას 2016 წლის დეკემბერში ერთ-ერთ ბარში ინციდენტი შეემთხვა და არ გამორიცხავდა, რომ ის ჩანაწერი გაევრცელებინათ:

“იქ სრულიად არაფერი მომხდარა, ერთი ჭიქაც არ გატეხილა. რამე რომ ყოფილიყო, პროკურატურა ნამდვილად არ შეიკავებდა თავს, რომ ეს ინფორმაცია გაესაჯაროებინა და ღონისძიებები გაეტარებინა.  თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია ვინმეს. ალბათ, ამ ფაქტზე საუბრობს და ალბათ ვიდეოებიც იყო იქ  და ამასაც ატვირთავენ, თუმცა დამალავენ იმ ვიდეოს, რომელიც  ”ელცენტროში” მომხდარს ასახავს,”- ამბობდა ლაშა თორდია 14 მაისს.

24 მაისს, კადრების გავრცელების შემდეგ, თორდიამ განაცხადა, რომ ეს კადრები მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიბილურში ინახებოდა და შოთაძე ვიდეოს სხვა ადამიანებსაც აჩვენებდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი