ახალი ამბები

მზიურში, სტიქიის ზონაში ინვესტორი სასტუმროს აშენებაზე ნებართვას ითხოვს

23 მაისი, 2017 • 12220
მზიურში, სტიქიის ზონაში ინვესტორი სასტუმროს აშენებაზე ნებართვას ითხოვს

მზიურის ტერიტორიაზე, სტიქიის ზონაში, ინვესტორი ითხოვს, რომ სასტუმრო და საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტი ააშენოს.

შპს-მ “პიაცა მზიური” მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა, რომ მისცენ უფლება, სასტუმრო და მრავალფუნქციური შენობა ააშენოს და სამშენებლოდ 15 761 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია გამოიყენოს.

მზიურის ტერიტორიაზე ასაშენებელი სასტუმროს პროექტი. ინფორმაცია არქიტექტურის სამსახურიდან

მზიურის ტერიტორიაზე ასაშენებელი სასტუმროს პროექტი. ინფორმაცია არქიტექტურის სამსახურიდან

არქიტექტურის სამსახურმა 2017 წლის 12 აპრილის განხილვის შემდეგ უარყოფითი შეფასება მისცა კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმეტებს, რადგან აკლდა დასაბუთება, არ იყო წარდგენილი გარემოს დაცვისა და გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის მოსაზრებები.

“ზოგადად, მიუღებელია ამ ადგილზე ყოველგვარი მშენებლობა… გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დადებითი პოზიციის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების მოსაპოვებლად წინასაპროექტო კვლევის გაგრძელება”, – წერია საბჭოს დასკვნაში.

კომპანიამ არქიტექტურის სამსახურს ხელმეორედ 22 მაისსაც მიმართა. ამჟამად განხილვის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა კომპანიამ მერიაში აპრილის თვეში დაწუნებული დოკუმენტები წარადგინა. ამავე დროს, კომპანიას აქვს უფლება, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნა 4 ივლისამდე წარადგინოს.

გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, რომ კომპანიას მისთვის არ მიუმართავს და არც პროექტი უნახავს.

“ჩვენ არ გვინახავს მასალა, არც წერილი. არც ვიცი, რა სახის, როგორ არის, ზოგადად. რეკრეაციული ფუნქციის დასაშვებია, მაგრამ მისი მასშტაბი ცალკე განხილვის საკითხია. 8-9 სართული დიდია”, – ამბობს მერაბ ბოლქვაძე.

მზიურის ტერიტორიაზე ასაშენებელი სასტუმროს პროექტი. ინფორმაცია არქიტექტურის სამსახურიდან

მზიურის ტერიტორიაზე ასაშენებელი სასტუმროს პროექტი. ინფორმაცია არქიტექტურის სამსახურიდან

არასამთავრობო ორგანიზაცია “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის” ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ ტერიტორიას იცავს სარეკრეაციო ზონა (რზ2) და აქ გამონაკლისის გარეშე დაუშვებელია მასშტაბური მშენებლობა, ამის გარდა, ეს ტერიტორია არის თბილისში წყალდიდობის ზონა.

“მასში მშენებლობის დაშვების შესაძლებლობის არსებობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს წყალდიდობის შედეგების გაუაზრებლობას მუნიციპალური და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან”, – ამბობს ორგანიზაციის იურისიტი ანანო ცინცაბაძე.

ცინცაბაძის თქმით, ამ ტერიტორიაზე არ გამოცხადებულა მორატორიუმი მშენებლობაზე, არც ღონისძიებები გამოუყენებიათ და არც ქმედითი ნაბიჯები გადაუდგამთ წყალდიდობის პრევენციისთვის.

ცინცაბაძის თქმით, ის ფაქტი, რომ მერიას გაცემის ვადად მითითებული აქვს 4 ივლისი, ამ პერიოდში კომპანიას გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფისა და სამინისტროს დასკვნის წარდგენის უფლება აქვს, შესაბამისად, კომპანიას გზადაგზა აწევენ დოკუმენტებს.

2015 წლის 13-14 ივნისს ეს ტერიტორია მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დაიტბორა. სტიქიის გამო ათეულობით ოჯახი სახლის გარეშე დარჩა.დაიღუპა 21 ადამიანი, 2 კი დაკარგულად მიიჩნევა.

მზიურის ტერიტორიაზე ასაშენებელი სასტუმროს პროექტი. ინფორმაცია არქიტექტურის სამსახურიდან

მზიურის ტერიტორიაზე ასაშენებელი სასტუმროს პროექტი. ინფორმაცია არქიტექტურის სამსახურიდან

არქიტექტურის სამსახურისთვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ამ ადგილას იგეგმება საცურაო აუზის, სპას, სატრენაჟოროს, კაფეს, რესტორნის, სასტუმროს მშენებლობა.

მშენებლები მერიას არწმუნებენ, რომ მაქსიმალურად რელიეფს მორგებული და გამწვანებული გარემო შეიქმნება. სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის მქონე ბლოკი სასტუმროსაც მოემსახურება და საერთო სარგებლობაშიც იქნება, რაც ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალაქისთვის.

კომპანია “პიაცა მზიურის” მფლობელი, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შვეიცარიაში დარეგისტრირებული სააქციო საზოგადოება “მინარ სა” და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე შოთა ხატიაშვილია, რომლებიც კომპანიის 50-50%-ს ფლობენ. კომპანია 2014 წლის 22 სექტემბერსაა დარეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი