ახალი ამბები

კომიტეტებმა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაზე მომზადებულ პროექტს მხარი დაუჭირეს

23 მაისი, 2017 • 2214
კომიტეტებმა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაზე მომზადებულ პროექტს მხარი დაუჭირეს

დღეს, 23 მაისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების შემთხვევებს აკონკრეტებს და პასუხისმგელობას განსაზღვრავს.

“სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს მხარი როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ასევე  ოპოზიციამ დაუჭირა.

ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებული პროექტით, “წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე”.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, პრაქტიკაში გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ ავადმყოფობის სიმულაციით, თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ან სხვაგვარად მოტყუებით. განმარტებითი ბარათის თანახმად, სწორედ ამ შემთხვევების დაზუსტებაა კანონის მიღების მიზანი.

განმარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი “გირჩის” მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზე “ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. თუმცა ცვლილებების მიზეზი სწორედ ეს კონფესიაა, რადგან,  როგორც ირაკლი სესიაშვილმა 11 მაისს გამართულ სხდომაზე განაცხადა, ეს ხელოვნური მექანიზმია:

“ეს არის ხელოვნურად შექმნილი. ფაქტობრივად, მცდელობა არის, კანონის გარკვეული მუხლი გამოყენებულ იქნას კონსტიტუციური ვალდებულების საწინააღმდეგოდ. ამიტომ გავაკეთე პატარა სამუშაო ჯგუფი, შეხვედრა შედგა. არის რამდენიმე საშუალება, რომ კანონში გაკეთდეს მკაფიო განმარტება. ვმუშაობთ ამ საკითხზე,” – განაცხადა სესიაშვილმა 11 მაისს.

ამავე თემაზე – მღვდელმსახურები ჯარში – რას შეცვლის “ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივა.

მასალების გადაბეჭდვის წესი