ახალი ამბებისამართალი

პროკურატურა მერიის მიერ ფარცხალაძისთვის გაცემული კომპენსაციის ფაქტს იძიებს

23 მაისი, 2017 • 6890
პროკურატურა მერიის მიერ ფარცხალაძისთვის გაცემული კომპენსაციის ფაქტს იძიებს

დღეს, 23 მაისს, პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის გაცემული კომპენსაციის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო გამოძიება.

საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2016 წელს თბილისის მერიის მიერ უძრავი ქონებების გადაცემასთან დაკავშირებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე – ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ვინაიდან ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 241-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალების გადაგზავნა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამართალდამცავ ორგანოში, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭიანურებს. უწყების მიერ ინფორმაციის გავრცელებამდე საქართველოს პროკურატურამ  წერილობით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მოითხოვა 2016 წელს ქ. თბილისის მერიის მიერ მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით უწყებაში მიმდინარე აუდიტის მასალების გადმოგზავნა. ამ მომენტამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აღნიშნული მასალები არ მოუწოდებია,” – აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების წარმოების მიზნით, დღეს კვლავ მიმართეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გამოძიებისთვის საჭირო აუდიტის შესაბამისი მასალების გამოთხოვის მიზნით. როგორც პროკურატურა აცხადებს, გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მფლობელბაში მყოფ კომპანიაზე თბილისის მერიამ 2 600 000 ლარის კომპენსაცია გასცა მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, როცა მისი საბაზრო ღირებულება მაქსიმუმ 600 000 ლარი იყო, ხოლო ამ კომპანიის თავდაპირველი მფლობელი, რომელიც ამ ნაკვეთზე გზის გაყვანის შედეგად დაზარალდა, 4 წლის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა მერიის მხრიდან კომპენსაციას.

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და თბილისის მერიის შესაძლო კორუფციული გარიგების შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარეობს აუდიტი, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მოადგილემ ნინო ლომჯარიამ 22 მაისს მედიასა და საზოგადოებას ამ საქმის პირველი ეპიზოდის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც არაერთ კითხვას ბადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი