ახალი ამბები

ვენეციის კომისიის მდივანი: საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევაა მნიშვნელოვანი

22 მაისი, 2017 • 1860
ვენეციის კომისიის მდივანი: საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევაა მნიშვნელოვანი

” მნიშვნელოვანია, რომ იყოს კონსენსუსი საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა ახალი კონსტიტუცია გრძელვადიანად მოქმედი იყოს,” – ეს განცხადება ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა დღეს ბერლინში გააკეთა.

თომარ მარკერტის თქმით, თუ საზოგადოება შეძლებს სხვადასხვა საკითხებზე კონსენსუსის მიღწევას, საქართველო კარგ კონსტიტუციას მიიღებს:

„როგორც იცით, ვენეციის კომისია დასკვნას 16 ივნისს მოამზადებს. ჩვენ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს მთლიანი პროცესის მიმართ. ვფიქრობთ, რომ ახალი კონსტიტუცია იქნება წინ გადაგმული ნაბიჯი. მნიშვნელოვანია, რომ იყოს კონსენსუსი საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა ახალი კონსტიტუცია გრძელვადიანად მოქმედი იყოს.”

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესსა და მანდატების განაწილების სისტემას, ვენეციის კომისიის მდივნის აზრით, აქაც კონსენსუსია მნიშვნელოვანი:

” ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე კონსენსუსი იქნას მიღწეული. უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები  პირდაპირი არჩევნების წესით ჩატარდება, რაც ჩემი აზრით, კომპრომისისთვის მზაობას აჩვენებს. რაც შეეხება მანდატების გადანაწილებას, დისკუსია ისევ გრძელდება და ვფიქრობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ მოქმედი უმრავლესობის მზადყოფნა, რაც ძალიან პოზიტიური ნიშანია.”

დღეს, 22 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრებმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა  კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი  ვენეციის კომისიას გააცნეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი