ახალი ამბები

სამუშიას თქმით, აუდიტის სამსახურმა კითხვები სამხარაულის ბიუროს უნდა დაუსვას

22 მაისი, 2017 • 2940
სამუშიას თქმით, აუდიტის სამსახურმა კითხვები სამხარაულის ბიუროს უნდა დაუსვას

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის კომისიის უფროსი ჯაბა სამუშია პასუხობს სახელმიწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტაციას, რომლის თანახმადაც, მერიამ და საკრებულომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიას  2 600 000 ლარის კომპენსაცია გადასცეს იმ მიწის სანაცვლოდ, რომლის ღირებულებაც მაქსიმუმ 600 000 ლარი იყო.

აუდიტის სამსახურის ცნობით, კომპანია „ბი-ეს-არ-სი დი ჯი დეველოპმენტის“კუთვნილ ტერიტორიაზე გზამ 2012 წელს გაიარა, თუმცა მერიამ მათ თანხა გადაუხადა 2016 წლის მდგომარეობით. კერძოდ, აუდიტის განცხადებით, 2012 წელს კომპანიას მიადგებოდა დაახლოებით 513 346 ლარის ზარალი, თუმცა მერიამ მოლაპარაკების და ზარალის ანაზღაურების პროცესი წარმართა იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში კომპანიას ზარალი აუნაზღაურა 4 წლის დაგვიანებით და გადასცა 2 615 100 ლარის ღირებულების მიწები.

მათივე ცნობით, მერიაში არ არსებობს დოკუმენტები იმის შესახებ, თუ 2012 წელს რა თანხას ითხოვდა კომპანია ზარალის ასანაზრაურებლად; ასევე, რატომ არ გაუცვალა მერიამ მიწის ნაკვეთები 2012 წელსვე.

ჯაბა სამუშია ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას ამბობს, რომ ეს საკითხები იმ პერიოდს ეხება, როდესაც თბილისის საკრებულოსა და მერიაში “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობა იყო და ამ საკითხზე პასუხები მათვე უნდა გასცენ.

იმ დროსაც, როცა წინა ხელისუფლება იყო, აღნიშნულმა შპს-მ მიმართა მერიას და ქალბატონი ნინოც ადასტურებს, რომ ასეთი მიმართვა არსებობს. მე შემიძლია წარმოგიდგინოთ ის წერილი, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ აღნიშნულმა შპს-მ მერიის ქონების მართვის სამსახურს გამოუგზავნა, სადაც ადასტურებს აღნიშნული შპს, რომ მათ ჰქონდათ მიმოწერა წინა მერიის თანამშორმლებთან აღნიშნული მიწის გაცვლასთან დაკავშირებით, ან ფულად კომპენსაციასთან დაკავშირებით. თუმცა დოკუმენტაცია არ არსებობს, გაქრა ეს დოკუმენტაცია. არ ვიცი, რატომ. ჰკითხეთ იმ ადამიანებს, ვინც მერიაში მაშინ მუშაობდა,”- აცხადებს ჯაბა სამუშია.

სამუშია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საკრებულომ ზარალის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილება 2015 წლის აპრილში მიიღო. აუდიტის დასკვნაშიც წერია, რომ 2015 წლის 28 აპრილის  N124 განკარგულებით საკრებულომ მართლაც გადასცა აღნიშნული ნაკვეთები სახელმწიფოს, თბილისის მერიამ კი ეს მიწები ოთარ ფარცხალაძის კომპანიას 2016 წლის 25 მარტს ჩაუნაცვლა. მანამდე, 2016 წლის 29 თებერვალს, შპს „ბი ეს – არ სი დი ჯი დეველოპმენტის“ მფლობელებმა კომპანიის 100%- იანი წილი მიჰყიდა შპს „როიალ დეველოპმენტს“ (შპს „როიალ დეველოპმენტის“ 45% წილის მფლობელი – ლევ ნანიკაშვილი; 40%-ს ფლობს ოთარ ფარცხალაძე; 15% -ს კი, მანუახ ნანიკაშვილი).

ჯაბა სამუშია ასევე ამბობს, რომ როდესაც საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო, კომპანიას, ვისაც ზარალი უნდა ანაზღაურებოდა, ოთარ ფარცხალაძე არ ფლობდა.

 

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ერთ საკითხთან დაკავშირებით: კერძო მესაკუთრეს, შპს-ს, რომელიც დაარსდა 2006 წელს, გააჩნდა გარკვეული მიწის ნაკვეთი. ამ ტერიტორიაზე მასთან შეუთანხმებლად გაიყვანეს გზა. ამ ადამიანს ჰქონდა მიმოწერა წინა ხელისუფლებასთან და მათ არ აუნაზღაურეს აღნიშნული ზარალი. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იმ კომპანიისთვის აგვენაზღაურებინა ზარალი და ეს გადაწყვეტილება მივიღეთ არა  2016 წელს, არამედ 2015 წელს. 2015 წლის აპრილში, როდსაც საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას, ეს კომპანია ეკუთვნის იმ ადამიანებს და დამაარსებლები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ის 2006 წელს დააარსეს. არანაირი ცვლილება მენეჯმენტში, მმართველობაში, წილებში არ ყოფილა 2006 წლიდან 2016-მდე და ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ 2015 წლის აპრილში,”- ამბობს ჯაბა სამუშია.

ჯაბა სამუშია ამბობს, რომ მიწების ფასს საკრებულო და მერია არ განსაზღრავს, ამიტომ,აუდიტის სამსახურმა სამხარაულის ეროვნულ ბიუროს უნდა მიმართოს შეკითხვებით:

“არც მერია და არც საკრებულო ფასს არ განსაზღვრავს. ჩვენ რა უფლებამოსილება გვაქვს, რომ მიწის საბაზრო ფასი შევაფასოთ? ამისათვის არსებობს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომლის დასკვნა მე ახლა ხელთ მიჭირავს და მინდა გითხრათ, რომ ორჯერ ჩატარდა ექსპერტიზა აღნიშნულ მიწასთან დაკავშირებით. ორივე შემთხვევაში არის დაფიქსირებული თანხა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ საექსპერტო დასკვნას ვეყრდნობით. რატომღაც ისე იყო წაყვანილი კონტექსტი, თითქოს თბილისის მერიამ განსაზღვრა ეს ფასი. არანაირად, რა უფლება გვაქვს?

მე არ მაქვს უფლება, სამხარაულის ბიუროსთან დაკავშირებით გამიჩნდეს კითხვა. თუმცა მე მაქვს შეკითხვა თვითონ, აუდიტის სამსახურის აქვს უფლება, როგორც სახელმწიფოს სსიპ-ი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო თვითონვე შეამოწმოს და მას გაუჩნდეს შეკითხვა. მე ვფიქრობ, რომ ეს შეკითხვები, რომლებიც დღეს რატომღაც დაისვა თბილისის მერიასთან მიმართებაში, თუ საიდან მოვიდა ეს თანხა, ეს ეკუთვნის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. მათთან უნდა იყოს დიალოგი და აუდიტის სამსახური მათ უნდა შეეკითხოს, რატომ მოიტანეს ეს თანხა. თუ, ვთქვათ, ვინიცობაა, წინა პერიოდში აღნიშნულმა ფირმამ გაასხვისა მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება იყო ნახევარი მილიონი და უცებ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დებს თანხას, რომ ის ღირს 2 მილიონზე მეტი, საიდან მოვიდა ეს თანხა? მათ უნდა ჰკითხონ,”- აცხადებს ჯაბა სამუშია.

აუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციით, 2016 წლის 27 ივლისს შპს „ბი ეს არ – სი დი ჯი დეველოპმენტის“ 100%-იანი წილის მფლობელმა ოთარ ფარცხალაძემ წერილით მიმართა თბილისის მერიას, რომ მათთვის მიეყიდათ ნაკვეთების მომიჯნავედ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ნუცუბიძის ქუჩასა და ინტენსიფიკაციის გზას შორის არსებული 3 557 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. მოთხოვნილ ქონებაზე მერიამ გამოაცხადა აუქციონი, თუმცა, აუდიტის დასკვნით, მიწის ღირებულება იმაზე ნაკლებად შეაფასეს, ვიდრე ზუსტად მომიჯნავე ნაკვეთების ღირებულება იყო.

“სამი სუბიექტი იყო იმ ნაკვეთის მომიჯნავე და აქედან გამომდინარე, ცოტა უხერხულია, მარტო ერთ კომპანიაზე გაიშვირო ხელი. მაგრამ მაგას თავი დავანებოთ, ამ ყველაფერს წინ უძღვის, რომ იმ გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც გადაეცა თბილისის მერიის მხრიდან, კომპანიამ გამოთქვა შემდეგი სურვილი, რომ ამ მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით ნახევარ ჰექტარს, 4 500 კვადრატულ მეტრს, ის საჯარო სივრცედ აქცევდა და იქ არსებულ მწვანე ნარგავებს არათუ შეინარჩუნებდა, სკვერად აქცევდა. ამაზეა აქ საუბარი. ადგილობრივი გეგმის მიხედვით, რომ განაშენაინება როგორ წასულიყო, მათ დასჭირდათ გვერდზე არსებული მიწის ნაკვეთი, ამიტომაც მოხდა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშრებით მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ის გამოიტანა აუქციონზე,”- აცხადებს ჯაბა სამუშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი