ახალი ამბები

კახეთის საოლქო პროკურატურა სამართალდამცავის მიერ მოქალაქის ცემის შესაძლო ფაქტს იძიებს

22 მაისი, 2017 • 2038
კახეთის საოლქო პროკურატურა სამართალდამცავის მიერ მოქალაქის ცემის შესაძლო ფაქტს იძიებს

კახეთის საოლქო პროკურატურა მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ სამართალდამცავების მხრიდან  უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს იძიებს. ინფორმაცი ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. reginfo.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერი მჭედლიშვილი ქალაქ სიღნაღში 2017 წლის 15 მაისს დააკავეს. მას ბრალი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაში ედებოდა.

როგორც მჭედლიშვილი reginfo.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, პოლიციის შენობაში მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მრავლობითი დაზიანებები მიიღო:

„პოლიციის შენობაში, ხელმარცხნივ პირველივე ოთახში შეყვანისთანავე პოლიციელმა გიორგი ნოზაძემ ცემა დამიწყო. ორი პოლიციელი მაკავებდა, ნოზაძე მაგინებდა და მირტყამდა. როცა ნახეს, რომ წინააღმდეგობას არ ვუწევდი და არც ვაგინებდი, ხელი გამიშვეს. მხოლოდ თავს ვიცავდი. დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში მცემდა მუშტებით, ხელებით, ფეხებით, თავის არეში, ფერდებში. როცა დავეცი, რამდენჯერმე წიხლი ჩამარტყა მენჯის არეში. ტკივილს ვეღარ ვუძლებდი და ვუთხარი, ნუ მირტყამ, ძალიან მტკივა, მგონი, რაღაც გამიტყდა-მეთქი. ამ სიტყვების მერე იმ ადგილში უფრო მეტად დამიწყო წიხლის ცემა. ამის მერე იქ მყოფ პოლიციელებს უთხრა, რომ შეედგინათ ჩემი დაკავების ოქმი. ცხელ ხაზზე ან ოჯახის წევრებთან დარეკვა მოვთხოვე და უარი მითხრა, არ დამარეკინა“ – ამბობს მჭედლიშვილი reginfo.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

სააგენტოს ცნობით, ვლადიმერ მჭედლიშვილს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსების შემდეგ რამდენჯერმე დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მას ნეკნების მოტეხილობა დაუდგინეს.

reginfo.ge-ს ინფორმაციით, სასამართლომ მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას. სასამართლომ ვლადიმერ მჭედლიშვილს 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

კახეთის საოლქო პროკურატურა შემთხვევას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი