ახალი ამბები

მერიის დაპირებით, ილია ჭავჭავაძის მუზეუმი ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით აღდგება

22 მაისი, 2017 • 1865
მერიის დაპირებით, ილია ჭავჭავაძის მუზეუმი ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით აღდგება

თბილისის მერიამ ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც უწყების დაპირებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით აღდგება.

თბილისში, ჯავახიშვილის N7-ში მდებარე მუზეუმის რეაბილიტაცია მოიცავს შენობის რესტავრაცია-რეკონსტრუქციას, შიდა ეზოსა და ინტერიერის აღდგენასა და კეთილმოწყობას.

მერიის დაპირებით, მუზეუმის ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვლება და მოწესრიგდება შიდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები. მუზეუმის რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მუზეუმების განვითარების პროგრამით ხორციელდება.

გარდა სახლისა, სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს კოშკს, ღვინის სარდაფს, ბეღელს, წყლის წისქვილს და პურის საცხობს. მერიის ცნობით, ჯავახიშვილის ქუჩა N7-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება.

„ეს იყო ღირსების საკითხი, ეს იყო მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც დავიწყეთ, რათა ამ ადგილს დაუბრუნდეს თავისი ისტორიული მნიშვნელობა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ, თბილისის მერმა.

მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური  მუზეუმი ჯავახიშვილის N7-ში 1987 წელს გაიხსნა,  ილიას დაბადებიდან 150-ე  წლისთავთან დაკავშირებით. თავის დროზე კი სახლი ილია ჭავჭავაძის დას ეკუთვნოდა და მისი მეუღლის, გენერალ ალექსანდრე საგინაშვილის მიერ 1880-იან წლებში აშენდა.

ილია ჭავჭავაძე ამ სახლში 1889-1901 წლებში ცხოვრობდა. აქვე ფუნქციონირებდა ილიას მიერ დაარსებული გაზეთ  “ივერიის” რედაქცია და სტამბა.

ჯავახიშვილის N7-ში მდებარე სახლი XIX საუკუნეში ცნობილი იყო, როგორც ადგილი, სადაც ხუთშაბათობით  რჩეული საზოგადოება  იკრიბებოდა და ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი