ფედერიკა მოგერინი, გიორგი კვირიკაშვილი

მთავრობა: მოგერინიმ პრემიერს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დაუდასტურა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ფედერიკა მოგერინის შეხვდა. პრესამსახურის ინფორმაციით, ფრედერიკა მოგერინიმ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დაუდასტურა.

“მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარების შესახებ ისაუბრეს. ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულია”,- ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდამდე ცხინვალში ვიზიტის დროს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან ჰერბერტ ზალბერმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ეს მილოცვა ქართული მხარის მიერ უკმაყოფილების მიზეზი გახდა. შესაბამისად, ახსნა-განმრტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი დაიბარეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ისევე, როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება და ქართული მხარე ლეგიტიმურად არ აღიარებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com