ახალი ამბები

მე-12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები ხვალიდან იწყება

20 მაისი, 2017 • 2427
მე-12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები ხვალიდან იწყება

საქართველოს 1500-ზე მეტ სკოლაში ხვალ, 21 მაისს, 9:00 საათზე გამოსაშვები გამოცდები ერთდროულად დაიწყება. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდებისთვის 48 ათასზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული.

მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენებში, მათემატიკასა და ისტორიაში ჩააბარებენ. გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური გამსვლელი ქულა 5,5 იქნება. შეფასების ათვლა 5 ქულიდან იწყება და ზღვრის გადასალახად მოსწავლემ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაახლოებით 15 კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.

 

მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს, ან ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება, საშუალება აქვთ, რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ. გამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში ტარდება.

გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი