ახალი ამბები

2017-18 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოებს სამინისტრო ტენდერის გზით აღარ დაბეჭდავს

19 მაისი, 2017 • 3392
2017-18 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოებს სამინისტრო ტენდერის გზით აღარ დაბეჭდავს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო 2017-18 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოებს და რვეულებს ტენდერის გზით აღარ შეისყიდის. სახელმძღვანელოების და რვეულების ბეჭდვაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყვეტილია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სააგენტოს 580 890 სახელმძღვანელოსა და 1 474 450 რვეულის ბეჭდვა სჭირდება, ამისთვის კი 4 042 160 ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერი 5 აპრილს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 21 აპრილს დაიწყო და 26 აპრილს დასრულდა.

ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ 2017 წლის 18 მაისს მიიღო. ტენდერის შეწყვეტის საფუძველი ერთ-ერთი მონაწილის მიერ, რომელსაც დისკვალიფიკაცია მიეცა, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება გახდა.

ტენდერში მონაწილეობას რამდენიმე სტამბა იღებდა: “ფავორიტი სტილი”, “ფაუნტეინ ჯორჯია”, “გამომცემლობა კოლორი”, “სეზანი”, Ertem. LDT.STI და KLAVYE. მონაწილეებიდან ორი LDT.STI და KLAVYE არ არის საქართველოში მომუშავე კომპანიები, ისინი თურქეთშია რეგისტრირებული.  სატენდერო კონკურსში ყველაზე დაბალი ფასი KLAVYE-ს ჰქონდა შეთავაზებული – 2 900 000 ლარი. 3 მაისს სატენდერო კომისიამ აღნიშნულ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა, რადგან “მათ მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდრო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს”

კომპანიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, სატენდერო კომისია ხელახლა შეიკრიბა. განხილვის შემდეგ 3 მაისს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, თუმცა იქვე დაადგინა, რომ ტენდერი უნდა შეწყდეს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პროცედურები გაგრძელდება, ეს პროცესი კიდევ უფრო გახანგრძლივდება, რაც სკოლის მოსწავლეთა წიგნებით უზურუნველყოფის შეფერხებას გამოიწვევს. კომიისის გადაწყვეტილებით ტენდერი შეწყდა, ხოლო სააგენტოს შეუძლია, შესყიდვის საშუალება შეცვალოს.

ტენდერში სულ 6 კომპანია მონაწილეობდა. აქედან ერთ-ერთია სტამბა “ფავორიტი სტილი”, რომელიც დაკავშირებულია ფინანსთა მინისტრთან და ვიცეპრემიერთან დიმიტრი ქუმსიშვილთან. ქუმსიშვილის ცოლისძმა ივანე თევდორაშვილი ფლობს შპს “პრინტ ჰაუს”, რომელიც “ფავორიტი სტილის” 95%-იანი წილის მფლობელია. “ფავორიტი სტილის” მიერ შეთავაზებული თანხა ტენდერში ყველაზე მაღალი იყო სხვა მონაწილეებთან შედარებით. ტენდერის წესების თანახმად კი, გამარჯვებულის გამოვლენას დაბალი ფასი განსაზღვრავს.

წიგნები

მასალების გადაბეჭდვის წესი