სასამართლოს ცნობით, დეკანოზ მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვეს, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს, აცხადებს სასამართლო.

სასამართლოს ცნობით, ვინაიდან ადვოკატები არ დაემორჩილნენ სასამართლოს მოწოდებას წესრიგის დაცვისაკენ, სამივე ადვოკატი სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის  სხდომის დარბაზიდან გააძევეს.

აღნიშნულის თაობაზე სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გაეგზავნება ადვოკატთა ეთიკის კომისიას, წერია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლო აცხადებს, რომ მომდევნო სხდომაზე ბრალდებულის უფლებებს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს. სასამართლო განხილვა 30 მაისს, 11:00 საათზე გაგრძელდება.

მომდევნო სხდომაზე გამოცხადების თაობაზე ბრალდებულს დადგენილი წესით გაეგზავნება უწყება და არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაითვლება სასამართლოსთვის თავის არიდებად. შესაბამისად, საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება, აცხადებს სასამართლო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com